ილია ჯიშკარიანი - მოუთმენლად ველოდი გამართლებას  - სამართალი ურმით დადისო და სამართალმა იზეიმა

სამი წელი გავიდა, სამართალი ურმით დადისო და სამართალმა იზეიმა, - ამის შესახებ საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპონენტები მის პოლიტიკურ დისკრედიტაციას შეეცადნენ, რასაც ნაწილობრივ მიაღწიეს.

„მოუთმენლად ველოდი გამართლებას იმიტომ, რომ ჩვენ ფაქტებით ვისაუბრეთ, ფაქტებით ვიშრომეთ ამდენი ხნის განმავლობაში, სამი წელი გავიდა, სამართალი ურმით დადისო და სამართალმა იზეიმა. პოლიტიკური დისკრედიტაციას, რომელსაც შეეცადნენ ალბათ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც ერთი ქოლგის ქვეშ იყვნენ გაერთიანებულები, ნაწილობრივ მიაღწიეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად გულდაწყვეტილი იმაზე ვარ, რომ ჩვენმა ოჯახმა ძალიან დიდი ნერვიულობა გადაიტანა, მამაჩემმა თვალის ჩინი დაკარგა“, - განაცხადა ილია ჯიშკარიანმა.

სასამართლო პროცესის შემდეგ კომენტარი გააკეთა ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმაც.

მისი თქმით, ბრალდების მხარემ ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, მაგრამ ვერ დაადასტურა, რომ თამთა თოდაძე სიმართლეს საუბრობდა.

„გამამართლებელი განაჩენი რომ დადგებოდა პირველივე წუთიდან ვიცოდი, ვიყავი დარწმუნებული და ეს არის დამაჯერებელი გამარჯვება. თამთა თოდაძე ცრუობდა მთელ ამ პროცესში, იმთავითვე, როდესაც პირველივე განცხადება გააკეთა, იყო სიცრუე. ვამბობდი ყოველთვის, რომ დამტკიცდება, ეს არის ცილისწამება, მიზანმიმართული, შურისძიების მოტივით განხორციელებული ცილისწამება და თავდასხმა ილია ჯიშკარიანზე. ბრალდებამ ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, მაგრამ ვერ დაადასტურა, რომ თამთა თოდაძე სიმართლეს საუბრობდა“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ცნობისთვის, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა