ნიკოლოზ ვაშაკიძე-  "ოცნების" რეჟიმი ყველაზე უფრო გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად ახდენს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ტორპედირებას

იქმნება მყარი შთაბეჭდილება, რომ "ოცნების" რეჟიმი პირდაპირ და შეგნებულად ახდენს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ტორპედირებას ყველაზე უფრო გადამწყვეტ მომენტში. ცხადია, ეს ყოველივე სერიოზულ გაანალიზებას მოითხოვს და მმართველი რეჟიმის მომავლის გეგმებზე გვაფიქრებინებს - ამის შესახებ პარტია “ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როცა საქართველოში სასამართლო სრულ პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარება, ბუნებრივია, დიდ კითხვებს იწვევს ნიკა გვარამიასთვის განაჩენის გამოტანა და ციხეში გაშვება სწორედ მაშინ, როცა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის საკითხი წყდება.

„აშშ-ს საელჩოს განცხადებაში სწორედ ამ ფაქტს, ყველაზე არასახარბიელო დროის შერჩევას, აქვს ხაზი გასმული. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს საელჩოს მიერ ამგვარი აქცენტირება თავისთავად უკვე გულისხმობს საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობას, როგორც მყარად შემდგარ ფაქტს და უკვე პირდაპირ მიუთითებს პოლიტიკურ რეჟიმს სასამართლოს, როგორც ინსტრუმენტის, უგუნურ გამოყენებაზე.

განსაკუთრებით საგანგაშო და საყურადღებოა ის ფაქტი, რომ "ოცნების" მოლაპარაკე თავებმა ევროპარლამენტის მხრიდან ამ ამბავთან დაკავშირებულ კრიტიკას პირდაპირი შეურაცხყოფებით და კონფრონტაციით უპასუხეს, რაზეც, ცხადია, შესაბამისმა პასუხმა არ დააყოვნა.

იქმნება მყარი შთაბეჭდილება, რომ "ოცნების" რეჟიმი პირდაპირ და შეგნებულად ახდენს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ტორპედირებას მის ყველაზე უფრო გადამწყვეტ მომენტში. ცხადია, ეს ყოველივე სერიოზულ გაანალიზებას მოითხოვს და მმართველი რეჟიმის მომავლის გეგმებზე გვაფიქრებინებს. გასაგებია, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსში გადასვლის შემთხვევაში იგულისხმება ქვეყნის რეალურ დემოკრატიულ რელსებზე გადასვლა, ამ პროცესის ევროკავშირის მხრიდან კიდევ უფრო მძლავრი მონიტორინგის პირობებში, ნამდვილი და არა ფასადური რეფორმების გატარება. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის მიუღებელი "ოცნებისთვის", რადგან ნაცვლად ამისა, ის დიქტატურის კიდევ უფრო გამყარებას გეგმავს, რათა მშვიდად განაგრძოს კორუფციული საქმიანობა, ოღონდ, ამ შემთხვევაში ისმის კითხვა - ევროკავშირისთვის და აშშ-სთვის ზურგის შექცევის პირობებში რა ძალებზე აპირებს დაყრდნობას საქართველოს ხელისუფლება? ამ კითხვაზე ერთადერთი შესაძლო პასუხი იმდენად შემზარავია, რომ საქართველოს საზოგადოება ვალდებულია დაფიქრდეს ამ უაღრესად საშიში და სავალალო მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო