ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ

მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან.

„საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა. შესაბამისად, მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი სუბიექტური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია, პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

კითხვაზე, ხომ არ ელოდება ხელისუფლება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მხრივ შეფერხებას, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ყველა პარამეტრით საქართველო უკრაინასა და მოლდოვას წინ უსწრებს, მაგრამ საბოლოოდ, მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება.

“საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სათანადო შედეგი გვქონდეს. რა თქმა უნდა, ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება, დანარჩენი არის მთლიანად პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ევროკავშირმა უნდა მიიღოს. ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ სად დგას საქართველო, სად დგას უკრაინა და სად დგას მოლდოვა. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა დასკვნებია გამოქვეყნებული და ყველა პარამეტრით, როგორც დემოკრატიის, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის კუთხით, ყველა მიმართულებითა და ყველა პარამეტრით საქართველო უკრაინასა და მოლდოვას წინ უსწრებს. შესაბამისად, დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ამ თემასთან დაკავშირებით. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ შესაბამისი შედეგი მივიღოთ", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ საკითხზე კონკრეტული განწყობები ჩანს. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ არ მოქმედებს, კონკრეტული ფაქტები და არგუმენტები დაასახელონ, თუმცა, მისი თქმით, მათ ეს არ შეუძლიათ.

„განწყობები ჩანს იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, როდესაც უცხოელთან შეხვედრა გაქვს, ვიღაც გეუბნება, რომ უკრაინისთვის საკმარისს არ აკეთებთო, მაგრამ როგორც კი ჩაეკითხები, ვერაფერს გეუბნებიან, რას არ ვაკეთებთ. ვეკითხებით, აბა, რას არ ვაკეთებთ? ამაზე პასუხი არ აქვთ. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავს საჯაროდ თუ არასაჯაროდ, ჩამოწერონ ფაქტები, საზოგადოებას უთხრან, ამას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლებაო, მაგრამ ამას ვერ აკეთებენ და ვერ ამბობენ", - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო