ირაკლი კობახიძე - რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი ლომჯარიათ და NGO-ებით აშშ-ის საელჩო დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ახორციელებენ დისკრიმინაციას და ერევიან სასამართლოს დამოუკიდებლობაში

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ანტიდასავლურ რიტორიკას აწარმოებს.

ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში აღარ გაემგზავრება.

„რაც შეეხება მოსამართლის თემას, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ჩვენ ანტიდასავლური რიტორიკა გვაქვს, რაც ეფუძნებოდა იმას, რომ ორ ევროპარლამენტარს, რომელსაც ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ „ლობისტი“ დავარქვით, ყველამ იცის, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები არიან. ამას ანტიდასავლური რიტორიკა უწოდეს, სინამდვილეში ანტიდასავლურ რიტორიკას აწარმოებს სწორედ რადიკალური ოპოზიცია, თავისი ლომჯარიათ, არასამთავრობოებით და სხვებით.

რაში გამოიხატება ეს ანტიდასავლური რიტორიკა? პრაქტიკულად მათ ბრალი დასდეს აშშ-ის საელჩოს პირდაპირ გამოხატულ დისკრიმინაციაში, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევაში და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში. რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი ლომჯარიათ და NGO-ებით აშშ-ის საელჩო დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ახორციელებენ დისკრიმინაციას, ერევიან სასამართლოს დამოუკიდებლობაში და ცდილობენ არაფორმალურად მართონ ხელისუფლება, კონკრეტულად სასამართლო სისტემა. ზუსტად ეს არის ანტიდასავლური რიტორიკა.

შეგახსენებთ, 2012 წლამდეც არ გამოდიოდა კონკრეტული მოსამართლეების მიმართ აშშ-ის საელჩო არავითარი კრიტიკით, როდესაც მთელი სისტემა მუშაობდა, როგორც რეპრესიული მანქანა. გახსოვთ ასეთი ფაქტი, რომ რომელიმე მოსამართლე საზღვარგარეთ არ წაიყვანეს?! კონკრეტული მოსამართლეები, რომლებიც უმძიმეს განაჩენს ადგენდნენ, პირდაპირ იყვნენ ჩართული „რეკეტში“, ყაჩაღობაში და ა.შ, ისინი დაჰყავდათ საზღვარგარეთ და რატომ? ამაში ვერავის გაამტყუნებ იმიტომ, რომ საელჩო სასამართლოს დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერეოდა“,-განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ფორმულას“ ინფორმაციით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა