პარლამენტის ბიურომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიმართვის საფუძველზე “უკრაინაში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თაობაზე“ რეზოლუციის პროექტის განხილვა ერთი თვის ვადით გადადო

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი “უკრაინაში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თაობაზე“ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის განხილვისგან თავს იკავებს. მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოს პირველად დასკვნებს ელის.

პარლამენტის ბიურომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიმართვის საფუძველზე, რეზოლუციის პროექტის განხილვა ერთი თვის ვადით გადადო, რასაც პროექტის ერთ-ერთი ავტორისა და ინიციატორის დავით უსუფაშვილის კრიტიკა მოჰყვა.

“საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ წარმოდგენილ წერილს ვუყურებ, სადაც მითითებული არ არის კონკრეტული პრობლემა, საკითხი თუ რატომ უნდა გადავდოთ განხილვა. თუ ყოველ 30 დღეში უნდა გადავდოთ და გადავდოთ, მაშინ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გვითხრას, რომ პროექტის განხილვას არ აპირებს. ჩვენც რაღაცას ვიზამთ, რომ ამ საკითხში საქართველოს პარლამენტის სახე შევუნარჩუნოთ - არ ვიცი, შეიძლება პროექტი გავიწვიოთ, ვიდრე ამ თემაზე თვეში ორჯერ პარლამენტისთვის და ქვეყნისთვის არც თუ სასიამოვნო და სასურველი დებატები გვქონდეს. ამას გვირჩევნია საერთოდ უკან წავიღოთ და ეს თემა ასე დავასრულოთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

უსუფაშვილს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა უპასუხა, რომელმაც უკრაინასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე გაამახვილა ყურადღება.

“როგორც იცით, საქართველო ერთ-ერთი ინიციატორია საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი ინიციატივის, რაც უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ვიდრე არ არის ხელშესახები დასკვნები კომისიის პირველ ეტაპზე მაინც, დროებით თავი შევიკავოთ და საკითხის განხილვა გადავდოთ, მაგრამ მას აუცილებლად განვიხილავთ“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

“უკრაინაში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თაობაზე“ რეზოლუციის პროექტი 7 აპრილს არის ინიცირებული. პროექტი დავით უსუფაშვილის, სალომე სამადაშვილის და ანა ნაცვლიშვილის მიერ არის ინიცირებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა