გრიგოლ გეგელია - ენტონი ბლინკენის განცხადება საბოლოო ვერდიქტია ხელისუფლების პოლიტიკურ კურსზე

ენტონი ბლინკენის განცხადება საბოლოო ვერდიქტია ხელისუფლების პოლიტიკურ კურსზე, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც გამოეხმურა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის წერილს, რომელსაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს უგზავნის.

მისი თქმით, მსგავსი გამოხმაურება ადასტურებს, რომ უკრიანის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციები ბევრ კითხვას ტოვებს.

“დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მხარდასაჭერად ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგას და „პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთის ფედერაციას მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე“.

სახელმწიფო მდივნის ასეთი გამოხმაურება ნათლად ადასტურებს, რომ უკრაინის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციები სულ მცირე ბევრ კითხვას ტოვებს მსოფლიო თანამეგობრობის თვალში. ეს უდიდეს დარტყმას აყენებს ქართულ სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის ბედი წყდება. ბლინკენის მიერ ასეთ დროს გაკეთებული განცხადება სრულიად მკაფიო ვერდიქტია, რომელიც ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, როგორც საბოლოო გაფრთხილება.

„ლელომ“ ჯერ კიდევ აპრილში დააინიცირა საპარლამენტო რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრის შემდგომ განხორციელებულ აქტებს სამხედრო დანაშაულად აფასებდა. თუმცა, ხელისუფლებას დღემდე არ განუხილავს ეს დოკუმენტი. სახელმწიფოებრივი კურსის გატარებასა და სწორი მორალური შინაარსის მხარდაჭერას „ქართულმა ოცნებამ“ მორიგ ჯერზე ამჯობინა პოლიტიკური პარანოიით გაჟღენთილი თავდასხმები, რის შედეგსაც დღეს ვიმკით.

ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მას მხოლოდ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას სწორი პოლიტიკური იმპულსები აჩვენოს და ამით საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის მათი მავნებლური კურსის შედეგად მიყენებული უდიდესი ზარალი შეამციროს, რაც დღე-დღეზე ჩვენს ქვეყანას ძალიან ძვირი ფასი შეიძლება დაუჯდეს.

შესაბამისად, ხელისუფლებამ დროულად უნდა მიიღოს „ლელოს“ მიერ ინიცირებული რეზოლუცია უკრაინასთან დაკავშირებით, დაუყონებლივ უნდა დაუბრუნდეს მიშელის შეთანხმების რეფორმებს და შეთანხმების ხელმომწერ მხარეებთან ერთად გამართოს კონსულტაციები აუცილებელი რეფორმების თაობაზე გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან ბრიუსელში, რადგან არავის არ გააჩნია უფლება ამ ქვეყნის ისტორიისა და მომავლის წინაშე, რომ საქართველოს ხალხს წაართვას ევროპული პერსპექტივა”,- აცხადებს გეგელია, რომლის კომენტარსაც "ლელო" ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს წერილი გამოუგზავნა.

წერილში ენტონი ბლინკენი მოუწოდეს, საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე.

„აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამავდროულად, როდესაც მთელი მსოფლიო ეხმაურება რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე", - ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის წერილში, რომელიც მან 22 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს გაუგზავნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა