ალექსეი გარანი - კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი 2-ის მსგავსი არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან, რაც რუსეთმა  უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია

„აზოველების“ ბედზე, უკრაინის ფრონტებზე არსებულ ვითარებაზე, იმაზე, თუ როგორ აფასებენ კიევში უკრაინისადმი დასავლეთის დახმარებას, ასევე რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის მინსკის შეთანხმების მსგავსი შეთანხმება გაფორმდეს, “ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, ალექსეი გარანს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, უკრაინასთან დაკავშირებით ყველა თემა აქტუალურია, მაგრამ გვინდა ჩვენი საუბარი დავიწყოთ აზოვსტალიდან გამოყვანილი „აზოველების“ მეომრების ბედზე, რადგან ფაქტია, რომ მათი მომავალი გაურკვეველია.

სამწუხაროდ ასეა, რადგან რუსეთის დუმამ დაჩქარებული ტემპებით დაიწყო კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც მათ ნაცისტებად და ტერორისტებად აღიარებას და მათ სამაგალითოდ დასჯას ითვალისწინებს. თქვენთან დაკავშირებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ გასასამართლებლად ტრიბუნალს ამზადებენ.

ცხადია, რომ „აზოველების“ ბედთან დაკავშირებით ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა, მაგრამ, რეალურად, რუსების მხრიდან მათ მიმართ ჰუმანურობის გამოვლენის არანაირი იმედი რომ არ არსებობს, ფაქტია.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსკოვი „აზოველებთან“ დაკავშირებით?

- რუსეთი ტერორისტული და ტოტალიტარული სახელმწიფოა, ამიტომ ერთი მხრივ ძნელი სავარაუდო არაა თუ რა ნაბიჯებს გადადგამს კრემლი „აზოველებთან“ დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ მათთან დაკავშირებით როგორ განვითარდება მოვლენები თქმა, მაინც ძალიან რთულია.

ასეა იმის გამო, რომ რუსეთი გახლავთ ქვეყანა, რომელიც არღვევს ყველა საერთაშორისო შეთანხმებებსა და საერთაშორისო ნორმებს. ეს რომ ასეა, ჩვენ უკრაინაში ყოველ დღე ვხედავთ. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ მასიური მკვლელობები, არამედ ადამიანების ძარცვა, მათზე ძალადობა, ქვეყნიდან გააქვთ უკრაინული ხორბალი, არღვევენ ომის წარმოების ყველა ნორმებს.

რუსეთი ტერორისტული და ტოტალიტარული სახელმწიფოა, ამიტომ ერთი მხრივ ძნელი სავარაუდო არაა თუ რა ნაბიჯებს გადადგამს კრემლი „აზოველებთან“ დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ მათთან დაკავშირებით როგორ განვითარდება მოვლენები თქმა, მაინც ძალიან რთულია

იმას, რასაც ახლა რუსეთი უკრაინაში აკეთებს, მას შეიძლება დაუპირისპირდეს მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკის სიმტკიცე და ის სანქციები, რომელიც რუსეთს დაუწესდა.

ჩვენც გვყავს ტყვეებად რუსი ჯარისკაცები, მაგრამ ვიცით, რომ რუსეთს თავის ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებზე არასდროს უზრუნია და ახლაც არ ზრუნავს. მათთვის ისინი არაფერს წარმოადგენენ. ასე რომაა, ეს იმაშიც კარგად ჩანს, რომ რუსებს ბრძოლის ველიდან თავისი დაღუპული ჯარისკაცებიც არ გაჰყავთ.

- იყო საუბრები, თითქოს რუსები მზად იყვნენ „აზოველები“ გაეცვალათ პუტინთან დაახლოებულ ვიქტორ მედვედჩუკზე, მაგრამ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა ამგვარი რამ გამორიცხა.

რუსებისგან არაფერი გამორიცხული არაა, მაგრამ საინტერესოა, ახლა როგორ მოიქცევიან „აზოველების“ გამოყვანაში აქტიურად ჩართული გაერო, „წითელი ჯვარი“, შვეიცარია, საფრანგეთი და ისრაელი, რომლებმაც ივალდებულეს მათი უსაფრთხოდ გამოყვანა?

- გაერომ და „წითელმა ჯვარმა“ განაცხადა, რომ რუსები მათ დაჰპირდნენ არ დაერღვიათ საერთაშორისო კანონმდებლობა, რომელიც ტყვეებთან ჰუმანურ მოპყრობას ითვალისწინებს, მაგრამ შეასრულებენ თუ არა რუსები თავის პირობას, არა ვარ დარწმუნებული. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ რუსები მათ წინააღმდეგ არ გამოიყენებენ ფსიქოლოგიურ წამებისა ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდებს.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ „აზოველების“ ბედთან დაკავშირებით ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორც „წითელი ჯვარია“ სუსტია და ამ საქმეში მათი როლი საკმაოდ შეზღუდულია.

რაც შეეხება გაეროს, მან ერთხელ აჩვენა, რომ იგი არაეფექტური საერთაშორისო ორგანიზაციაა. ეფექტური შეიძლება იყოს იმ ზეწოლის გაგრძელება, რომელსაც კოლექტიური დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ახორციელებს.

- უკრაინის წინააღმდეგ ბევრი რამ ხდება. მალე რაიმშტაინში უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების მეორე შეხვედრა გაიმართება.

როგორ შეაფასებდით უკრაინასთან დაკავშირებით კოლექტიური დასავლეთის აქტიურობას? რამდენად კმაყოფილი ხართ იმით, რაც ახლა უკრაინის გამო სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა დონეებზე ხდება?

- ფაქტია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ რადიკალურადაა შეცვლილი კოლექტიური დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს აგრესორს, უკრაინა თავის დამოუკიდებლობას იცავს იმის ფონზე, როცა რუსეთი მეზობელი სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე იმ ტიპის დანაშაულს ჩადის, რაც უკრაინელი ხალხის გენოციდის ტოლფასია.

ვხედავთ, რომ რუსული პროპაგანდა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ქმნის იდეოლოგიურ საფუძვლებს. რასაც უკრაინაში რუსი ჯარისკაცები აკეთებენ სხვა არაფერია, თუ არა უკრაინელი ხალხის გენოციდი.

რუსეთის ომმა საერთაშორისო პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებები მოახდინა, ჩვენ ამის გამო დასავლეთის მადლიერები ვართ, მაგრამ, კოლექტიურ დასავლეთს ის რომ გაეკეთებინა, რასაც ახლა აკეთებს უკრაინასთან მიმართებაში, ვგულისხმობ სამხედრო ტექნიკით დახმარებას, რასაც უკრაინა დასავლეთისგან 2014 წლიდან ითხოვდა, თან რუსეთისთვის მკაცრი სანქციები დაეწესებინა, ახლა არც უკრაინა და არც კოლექტიური დასავლეთი არ აღმოჩნდებოდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც აღმოვჩნდით ჩვენ და ჩვენთან ერთად დასავლეთიც.

წინა წლებში დასავლეთი ცდილობდა რუსეთთან მოლაპარაკებას, ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდა, მაგრამ ამისგან რომ არაფერი გამოვიდოდა, ჩვენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ვაფრთხილებდით. კოლექტიურ დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული ეკონომიკური სანქციები რომ 24 თებერვლამდე დაეწესებინათ, უკრაინისთვის კი იმის ნახევარი იარაღი მიეწოდებინა, რასაც ჩვენ მაშინ მათგან ვითხოვდით, შესაძლოა, საქმე ომამდეც არ მისულიყო.

კოლექტიურ დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული ეკონომიკური სანქციები რომ 24 თებერვლამდე დაეწესებინათ, უკრაინისთვის კი იმის ნახევარი იარაღი მიეწოდებინა, რასაც ჩვენ მაშინ მათგან ვითხოვდით, შესაძლოა, საქმე ომამდეც არ მისულიყო

სამწუხაროდ, ახლა უკრაინა თავისი თავისუფლებისთვის საფასურს სისხლით იხდის. სამწუხაროა, რომ ყოველდღე იზრდება მსხვერპლი ჩვენივე თავისუფლებისთვის. ჩვენ ისიც გვესმის, რომ ჩვენ ჩვენი ტერიტორიების გასათავისუფლებლად არა მხოლოდ მეტი იარაღი გვჭირდება, არამედ, სამწუხაროდ, კიდევ ბევრ ჩვენს ჯარისკაცს მოუწევს სიცოცხლის ფასად ქვეყნის მთლიანობის დაცვა.

- გვესმის, რომ ფრონტის ხაზებზე ვითარება მუდმივად იცვლება, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით უმეტესად პოზიციური ბრძოლის, ალაგ-ალად კი ორივე მხრიდან მცირე კონტრშეტევების შედეგებს?

- კიევის მიმართულებაზე მარცხის შემდეგ ახლა რუსეთის ძალისხმევა მიმართულია უკრაინის სამხრეთსა და სამხრეთ აღმოსავლეთ დონბასის რაიონებზე. რუსული ჯარები ცდილობენ დონბასში შეტევაზე გადასვლას. ვითარება რთულია, მაგრამ უკრაინული არმია ახერხებს მათ შეჩერებას.

რუსული ჯარები ცდილობენ დონბასში შეტევაზე გადასვლას. ვითარება რთულია, მაგრამ უკრაინული არმია ახერხებს მათ შეჩერებას

გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ რუსეთი უკრაინაში მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ახორციელებს. ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსებმა დაიწყეს არა მარტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, არამედ საინჟინრო წინაღობებისა და თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა.ასე რომ უკრაინას მოუწევს ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად ბრძოლა.

სამწუხაროდ, ამ ბრძოლებში დავკარგავთ ქვეყნის საუკეთესო შვილებს. როგორც ჩანს, რუსები ამ რაიონშიც ელოდებიან უკრაინულ კონტრშეტევას.

- რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ერთიანობა ახსენეთ, მაგრამ ვხედავთ, რომ არა მარტო საფრანგეთში, არამედ აშშ-სა და ევროპის რიგ ქვეყნებში ბევრმა საკმაოდ დიდი ავტორიტეტისა და წონის ადამიანებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთთან მიმართებაში დამოკიდებულება უნდა შეცვალოს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა - „ნუ ამცირებთ რუსეთს.“ სხვებმა იმაზე დაიწყეს საუბარი, თუ რამდენად დიდი საფრთხის მატარებელია ამ ომში უკრაინის გამარჯვება. ლავროვმა თქვა, - „მაკრონი ერთადერთია ევროკავშირში, რომელზეც შეიძლება დაყრდნობა“.

სამწუხაროდ, ასეთი განწყობები არსებობს, მაგრამ როგორც პუტინის სტაჟიანმა კრიტიკოსმა, კრემლის საცეცებს ამერიკაში გარიდებულმა ანალიტიკოსმა ანდრეი პიონტკოვსკიმ თქვა, მოსკოვს სხვა არაფერი დარჩენია თუ არა სრულად აამუშაოს თავისი აგენტურა. მან სინანული გამოთქვა იმის გამოც, ამ თვალსაზრისით აშშ- და ევროპაშიც საკმაოზე ბევრიც კი გაიშიფრა.

იმავე პიანტკოვსკის თქმით, ახლა გაშიფრულები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინასა და რუსეთ შორის უნდა გაფორმდეს მინსკი-2-ის მსგავსი, მინსკი-3-ის სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც კიევს დონბასის ტერიტორიების დიპლომატიური საშუალებებით დაბრუნების საშუალებას მისცემს.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი-2-ის მსგავსი მინსკი-3-ის შეთანხმებას მოეწეროს ხელი?

- დასავლეთში რუსეთთან დამოკიდებულებაში ძალიან სერიოზული ცვლილებებია მომხდარი. დასავლეთში დაიწყეს რუსეთის ბუნების უკეთ გაგება. გასაგებია, რომ კრემლმა თავად ჩაშალა მინსკის შეთანხმებები. კიევში არავინ აპირებს დნრ-სა და ლნრ-ის აღიარებას.

კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი-2-ის მსგავსი არანაირი მინსკი-3-ის შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია.

რაც შეეხება დასავლეთში კრემლის მხარდამჭერების გააქტიურებას. უნდა ითქვას, რომ კრემლს დასავლეთის ქვეყნებში 24 თებერვლამდე გაცილებით მეტი მხარდამჭერები ჰყავდა. ახლა მათი რიცხვი ბევრად შემცირებულია.

უკრაინაში რუსეთის ქმედებები არავის აღარ უტოვებს შანს რაიმე ფორმით დაუჭირონ მხარი აგრესორს, რომელიც მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაუნდობლად ანადგურებს ქალაქებსა და სოფლებს და ამ ოლქებში მცხოვრებ ადამიანებს.

მიუხედავად ამისა, კიევი ამბობს, უკრაინა მზადაა კრემლთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ, არა იმ დათმობების ხარჯზე, რომელთა მოხვევას ჩვენ გვთავაზობს აგრესორი ქვეყანა. ახლა ცხადზე უცხადესია, რომ თუ რამეზე შეიძლება მოხდეს შეთანხმება, პირველი გახლავთ ის, რომ რუსეთი უნდა დაუბრუნდეს 24 თებერვლამდე არსებულ პოზიციებს.

უკრაინა მზადაა კრემლთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ, არა იმ დათმობების ხარჯზე, რომელთა მოხვევას ჩვენ გვთავაზობს აგრესორი ქვეყანა. ახლა ცხადზე უცხადესია, რომ თუ რამეზე შეიძლება მოხდეს შეთანხმება, პირველი გახლავთ ის, რომ რუსეთი უნდა დაუბრუნდეს 24 თებერვლამდე არსებულ პოზიციებს

ამგვარი კომპრომისი შესაძლებელია. ამის შემდეგ კი მხარეებს შეუძლიათ დაიწყოს მოლაპარაკებები. მაგრამ, ცხადია ისიც, რომ კიევი ამ ტერიტორიებზე უარს არასდროს იტყვის.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს