კახა ქემოკლიძე - თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, კატასტროფა იქნება - ჩვენ ვიყავით ჩემპიონები, რა უკრაინა და რა მოლდოვა?

ეს იქნება კატასტროფა, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვიყავით ჩემპიონები, რა უკრაინა და რა მოლდოვა?, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახაბერ ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა წამყვანის შეკითხვას იმის შესახებ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს.

ქემოკლიძის შეფასებით, თუკი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს, ეს იქნება „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლობის ბრალი.

„ორივე [უკრაინა და მოლდოვა] გარკვეულწილად რკინის ქალამნით გვყავდა ჩაბმული. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ეს თუ მოხდა, ეს იქნება „ქართული ოცნების“ უდიდესი უპასუხისმგებლობის პირდაპირი პრაქტიკული შედეგი და ამისთვის საქართველოს მოსახლეობამ ის აუცილებლად უნდა დასაჯოს. შემდეგ არჩევნებზე, როცა არ უნდა იყოს, „ქართული ოცნების“ დემაგოგიურ ფილოსოფიას უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე. გონიერ ელექტორატს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს უნდა ავუხსნათ, რომ „ქართული ოცნება“ რომ გეუბნებოდათ ამას და ამას, ოთხივე აღმოჩნდა ტყუილი“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ბოლო პერიოდში დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გაკეთებულ განცხადებებს.

„ამას წინათ ქალბატონი წულუკიანის განცხადებას ვუსმენდი და მეღიმებოდა. ის ისეთი „გონორით“ საუბრობდა, რომ თურმე „ვიღაც ფონ კრამონები და იან კელები ჭკუას გვარიგებენო“. შენ რომ იყო საფრანგეთი, ბრიტანეთი ან გერმანია - ეს ღრმა ინსტიტუციურად განვითარებული ქვეყნები, სადაც, შესაძლოა, პოლიტიკური ლიდერები მიდიან და მოდიან, მაგრამ ინსტიტუციები რჩებიან, ნამდვილად არ მიიღებდი არც ვიოლა ფონ კრამონის შენიშვნას, არც იან კელის და არც ნებისმიერი სხვა დასავლელის, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენ არც საფრანგეთი ვართ, არც გერმანია და არც ბრიტანეთი. კიდევ ბევრი გვაქვს გასავლელი, რათა ამ ხარისხს მივაღწიოთ.

სამხრეთ კავკასიაში ხარ ქვეყანა, რომელიც რეალურად ყველა მხრიდან მოწყვლადი ხარ. ამ დროს, როგორ შეიძლება, შენს სტრატეგიულ მოკავშირეებს ძირი გამოუთხარო და შეგნებულად თუ შეუგნებლად რუსეთს მიეწებო? ჩემი ყოფილი კოლეგები უსაფრთხოების სისტემაში, რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ წარმომადგენლები, რომლებიც დღეს საქართველოს კურირებენ, დარწმუნებული ვარ, რომ „კოკა-კოლით“ და პოპკორნით გვიყურებენ ბედნიერი სახეებით იმის გამო, რომ საქართველოს მიწაზე „ქართული ოცნება“ მათ საქმეებს აკეთებს, თანაც ისე, რომ მინიმალური რესურსის დახარჯვა უწევთ და საბოლოო ჯამში ბედნიერები არიან, რომ როდესაც უკრაინაში გაგანია ომია ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის, დღეს, ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფალნი აკეთებენ რუსულ საქმეს. ეს მძიმე რეალობაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეგნებულად თუ შეუგნებლად შექმნა“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს