პრინციპულად ვითხოვთ ოპოზიციისგან ჩამოწერონ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად. პასუხი არ მიგვიღია. მივიღეთ მხოლოდ 2 აღიარებითი ჩვენება, რომ ისინი ელოდნენ საქართველოსგან ომში ჩართვას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სხვა განცხადებებსაც დაელოდებიან და შემდეგ არგუმენტირებულ პასუხს გასცემენ.
„საჯარო განცხადება ჩვენთვის არის საკმარისი, ჩვენ დავაგროვებთ ამ პასუხებს ყველა პოლიტიკური პარტიისგან და ამის შემდეგ გვექნება არგუმენტირებული პასუხი ყველაფერთან დაკავშირებით. სინამდვილეში საერთო სურათი არის ის, რომ ვერაფერს გვეუბნებიან, გარდა ერთისა - ერთადერთი გვითხრეს, რომ ჩვენ არ ჩავერთეთ სამხედრო კონფლიქტში. როცა საუბარია იმაზე, რომ საქართველომ შეიარაღება უნდა მიაწოდოს უკრაინას, ეს არის სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა,“ - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელშეშლას, კობახიძე აცხადებს, რომ ამას მარტივად დაინახავს საზოგადოება, თუკი მათ საჯარო განცხადებებს შეხედავს.
„ყველაფერს რომ თავი დავანებით, ვინ ვის რა უთხრა კაბინეტში, შეხედეთ მათ საჯარო განცხადებებს, რა განცხადებებს აკეთებენ საქართველოსთან დაკავშირებით და წაადგება თუ არა ეს ქვეყანას სტატუსის მიღებაში. გვარამია დაპატიმრებულია კონკრეტული დანაშაულის გამო ისინი ახლა აცხადებენ, რომ გვარამიას დაპატიმრებამ შეიძლება ხელი შეუშალოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ზუსტად ასეთი ცრუ განცხადებები არის ის, რამაც შეიძლება დაბრკოლებები შექმნას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მიიღება სათანადო გადაწყვეტილება,“ - განაცხადა კობახიძემ.