საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ღია მმართველობის პარტნიორობის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership – OGP) აღმასრულებელ დირექტორს, სანჯეი პრადანს შვეიცარიის ქალაქ დავოსში შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადების თანახმად, ილია დარჩიაშვილმა სანჯეი პრადანს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მიერ ღია მმართველობის პრინციპების ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული შეფერხების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობა საქართველოს ახალი დღის წესრიგის შემუშავების პროცესის ეტაპობრივი აღდგენა დაიწყო.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, აქტიურ ფაზაშია ღია მმართველობის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი, რომელსაც კოორდინაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უწევს.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა ამ პროცესში OGP-ის საერთაშორისო სამდივნოს მიერ გაწეული მხარდაჭერისთვის სანჯეი პრადანს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, ღია მმართველობის ახალი სამოქმედო გეგმისთვის გათვალისწინებული ინიციატივების განხილვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც, უახლოეს მომავალში, ღია მმართველობა საქართველოს მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა ჩაინიშნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითვე, OGP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილს პარტნიორობის საქმიანობაში საქართველოს შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი და მოწინავე წევრია.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობა პარტნიორობასთან საქართველოს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრობის მიმდინარე, სამწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. სანჯეი პრადანმა აღნიშნა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მიერ დაგროვილი გამოცდილების სამომავლოდ წევრი ქვეყნებისთვის გაზიარება, როგორც გლობალურად, ასევე, რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრის დასასრულს, ილია დარჩიაშვილმა სანჯეი პრადანს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაში საქართველოს მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდას. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც OGP-ს 2012 წელს შეუერთდა. OGP ამჟამად მსოფლიოს ოთხმოცამდე ქვეყნის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა