ლევან იოსელიანი - ხელისუფლება აკონტროლებს სასამართლოს თუ სასამართლო აკონტროლებს ხელისუფლებას, ეს უკვე საკითხავია, უკვე იმდენად გავლენიანია ეს ჯგუფი,  არ გამოვრიცხავ ისინი კარნახობდნენ პირობებს

მოვისმინე ექსპერტების მოსაზრება, რომ თურმე უმჯობესი იქნება საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნას გაუხანგრძლივებს. ეს არის ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრება, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, დღეს პარლამენტში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პირველი პოლიტიკური დებატი გაიმართება.

„ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ პირველი პოლიტიკური დებატები ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის იმართება საკითხზე ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ვფიქრობ, ეს ის საკითხია, რომელზეც არ უნდა გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა. იმდენი რამ გვაქვს სადებატო, ეს ის თემა არ არის, რაზეც უნდა ყოფილიყო დებატი. მაგრამ კი ბატონო, გავმართოთ დებატი. შეიძლება ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს და სხვაგან წარმოუდგენია ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპის გარდა, ამ ყველაფერს ჩვენ დღეს პარლამენტში მოვისმენთ“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, იმ ბრალდებებს აუცილებლად სჭირდება პასუხის გაცემა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციის მისამართით გაისმა, თითქოს ოპოზიცია ცდილობს ხელი შეუშალოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

„იმ ადამიანებს, ვინც ბრიუსელში ჩადის და საქართველოს წინააღმდეგ საუბრობს, აქვთ სახელები და გვარები. ასევე მოვისმინე ექსპერტებისგანაც მოსაზრება, რომ თურმე უმჯობესი იქნება, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს გაუხანგრძლივებს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნას. ჩემთვის ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი და ამას ჰყავს მხარდამჭერები, თუმცა მათ ხმამაღლა საუბარი ერიდებათ. ეს არის ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრება. ჩვენი შიდა პარტიული ინტერესი, ხელისუფლებისთვის ბრძოლა და ა.შ. უნდა გავარჩიოთ ამ ქვეყნის ეგზისტენციური ამოცანისგან, რაც მდგომარეობს ევროპულ ოჯახში მოხვედრა. ჩვენ ამისკენ 30 წელია მივისწრაფით, ჩვენ უამრავი სისხლი დავღვარეთ და უამრავი ბრძოლა გამოვიარეთ. ამ ოცნებას თაობები შეეწირა. დღეს ოპოზიცია ვაპირებთ ხელი მოვაწეროთ წერილს, რომლითაც მივმართავთ ევროკავშირის ხელმძღვანელებს და მთლიანად ოპოზიცია ვთხოვთ, რომ განიხილონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი“, - განაცხადა იოსელიანმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე შეეხო საქართველოს სასამართლო სისტემას. იოსელიანმა აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა ისევ სასამართლოში მდგომარეობს.

„ქართული ოცნება“ ბოლომდე ცდილობს, რომ იმ სასამართლოს გადაეფაროს, რომელმაც ფაქტობრივად წინა ხელისუფლება შეეწირა. ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ხელისუფლებასაც ეს სასამართლო გადაიყოლებს, მაგრამ ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ეს მოსამართლეები აღმოჩნდნენ, რადგან მაშინაც და დღესაც ისინი არიან იმ სკამებზე, სადაც არიან. ჩემდა სამწუხაროდ, უკვე ისე არის სიტუაცია, რომ ხელისუფლება აკონტროლებს სასამართლოს თუ სასამართლო აკონტროლებს ხელისუფლებას, ეს უკვე საკითხავია. უკვე იმდენად გავლენიანია ეს ჯგუფი, მე არ გამოვრიცხავ ისინი კარნახობდნენ პირობებს. ეს ადამიანები ზურა ადეიშვილის პირობებში იყვნენ სულ სხვა გავლენის მქონე და დღეს არიან სულ სხვა გავლენის მატარებელი. ამას აღიარებს ყველა, ვისაც ოდნავი შეხება მაინც აქვს ამ სისტემასთან“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა