სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ

750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ. სად არიან თქვენი მეგობრები და პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერები, რომლებიც აცხადებენ, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს?! - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ევროკავშირში წარმოუდგენლად რთულია და „ხელისუფლების დამსახურებით“, საქართველოს ევროკავშირის არცერთი წევრი სახელმწიფო არ ლობირებს.

„რუსეთ-უკრაინის ომმა უნიკალური შესაძლებლობა გახსნა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მივიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატობის სტატუსი. სრულიად გეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენი განაცხადის წარმატებაზე, თუ წარუმატებლობაზე. წამოწყებულია საოცრად ბინძური კამპანია ოპოზიციისკენ ხელის გაშვერით საკუთარი წარუმატებლობის მოლოდინში. თქვენი ხელისუფლების დამსახურებით არცერთ თქვენგანს არ გაგაჩნიათ არანაირი ნდობა ევროპაში და ყველამ იცის, რომ თქვენ არავის სახელით არ საუბრობთ. დღეს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ევროკავშირში არის წარმოუდგენლად რთული, საქართველოს არ ლობირებს ევროკავშირის არცერთი წევრი სახელმწიფო.

750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ, სად არიან თქვენი მეგობრები და პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერები რომლებიც აცხადებენ, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ჩრდილოვან ოლიგარქებთან ევროკავშირი კონტრაქტებს არ დებს და თქვენ არავის არ წარმოადგენთ. რამდენჯერაც წახვალთ და უკან დაბრუნდებით, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევთ, გარდა იმისა, რომ მიიღებთ გრძელ სიას პრობლემების ჩამონათვალისა, რომელიც გადასაჭრელია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა სადღაც გამოჩნდეს და წინ წავიდეს. მათ შორის არის მიშელის შეთანხმება, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გვარამიას დაპატიმრება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დაუბრუნდეთ მიშელის შეთანხმებას და შევეცადოთ გადავარჩინოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეწყალების გამოყენებისკენ მოუწოდა, რაც მისი თქმით, ქვეყნის ევროპულ მომავალს სჭირდება.

„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს - გამოიყენეთ კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლება, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. თუ არავინ არ გისმენთ და არ გაქვთ შესაძლებლობა ზეგავლენა მოახდინოთ მოვლენებზე, წადით მაშინ სახლში, რატომ ხართ ხელისუფლებაში და ოპოზიციისაკენ რას იშვერთ ხელს“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს