მაია ბითაძე ოპოზიციას - ცდილობთ ყველაფერი შავ ფერებში წარმოაჩინოთ და ხელოვნური პოლიტიკური ტურბულენტობა ვითომდა დემოკრატიის დაცვის მოტივით შექმნათ - ეს ასე არ გამოვა, ნუ გინდათ სხვის ხარჯზე ხელისუფლებაში მოსვლა

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა, ყველამ, ვინც ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგში არის ჩართული, ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო ყველა ვალდებულებას ძალიან წარმატებით და პირნათლად ასრულებს, თქვენ ცდილობთ, რომ ეს ყველაფერი შავ ფერებში წარმოაჩინოთ და ხელოვნური პოლიტიკური ტურბულენტობა ვითომდა დემოკრატიის დაცვის მოტივით შექმნათ - ეს ასე არ გამოვა, ამას ისტორია შეაფასებს და ძალიან გთხოვთ, ნუ გინდათ სხვის ხარჯზე ხელისუფლებაში მოსვლა, - ასე მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ოპოზიციას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე პარლამენტში გამართული პოლიტიკური დებატებისას.

მისი შეფასებით, ოპოზიციამ კი მოითხოვა ევროკავშირთან დაკავშირებით დებატები, მაგრამ მათ გამოსვლებში გახმოვანებული საკითხები ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებასთან კავშირში საერთოდ არ არის.

„ევროკავშირთან დებატები მოითხოვეთ და რაც დაიწყო, თქვენი მხრიდან საკითხებს ვისმენთ, რომელიც ირიბად, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან კავშირშია, მაგრამ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებაზე სიტყვა არ მომისმენია. ევროკავშირი არ არის მხოლოდ „საუბრების კავშირი". ევროკავშირი არის ეკონომიკურ-პოლიტიკური კავშირი, სადაც, მათ შორის, გარემოს დაცვას, დემოკრატიის სხვა და სხვა მიმართულებას ძალიან დიდი ადგილი უკავია. ერთს გეტყვით - ღრმად მწამს, ოდესღაც შეგრცხვებათ ყველა იმ საჯარო მოხელის, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრს აკეთებდა იმისთვის, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია ყოფილიყო და ის, რომ ასოცირების ხელშეკრულება ასეთი პროცენტული ოდენობით ყოფილიყო შესრულებული. არ შეიძლება ადამიანების დაკნინება და ხაზის გადასმა მარტო იმიტომ, რომ შენ არ ერკვევი. ჯერ უნდა გაერკვე და მერე ისაუბრო პუნქტობრივად იმ მუხლებთან მიმართებით, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებაშია", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით თვისობრივად ახალი სამართლებრივი რეჟიმი შეიქმნა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ეს მიმართულება საერთოდ იყო დერეგულირებული.

„მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვა თავის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულების ორ უმსხვილეს თავშია ასახული - ეს არის გარემოსდაცვითი მმართველობა და კლიმატის ცვლილება. 25 დირექტივიდან 12 დირექტივა სრულად არის იმპლემენტირებული და ეს ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის. რომ არაფერი ვთქვათ გარემოსდაცვითი მმართველობის იმ სტანდარტებზე, რომელიც სრულიად ახალი კანონმდებლობით დადგინდა. ეს არის გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც მოსახლეობის ჩართულობის, ინფორმირებულობის ძალიან მაღალ სტანდარტს ქმნის. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონი შეიქმნა, რომელიც გარემოს აღდგენის საკომპენსაციო ფონდს ქმნის - ეს არის ახალი ერა ინდუსტრიული განვითარების, ის, რასაც ევროკავშირი დიდი ხანია იყენებს", - აღნიშნა მაია ბითაძემ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, სექტორალური მიმართულებით ძალიან ბევრი რამ კეთდება, მათ შორის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის რესურსების მართვის, ნარჩენების მართვის კუთხით ბევრი გაკეთდა, თუმცა, მისივე თქმით, ოპოზიცია ამით არასოდეს დაინტერესებულა და ცდილობს, საზოგადოებას ყველაფერი შავ ფერებში დაანახოს.

„საუბარი იყო თითქოს ტყის, წიაღის გაყიდვა არის ევროპული სტანდარტი. არ არის ეს ევროპული სტანდარტი, არსად წერია ასოცირების ხელშეკრულებაში. უფრო მეტიც, ტყის კოდექსი ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მივიღეთ, რომელიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ადგენს. წიაღის რეფორმაზე ევროკავშირთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს და წიაღის დაცვის სფეროში ახალი კანონი გვექნება. ნარჩენების კანონმდებლობა მივიღეთ, რომელმაც „მწვანე ეკონომიკაში" ახალი კარები გახსნა და, მათ შორის, კლიმატის ცვლილების, ენერგიის აღდგენის ახალ შესაძლებლობებს აჩენს. მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, მათ შორის, თევზჭერის საკითხების რეგულირების კუთხით. უმნიშვნელოვანესი იყო რეფორმა, რომელიც ბირთვული და რადიაციული კუთხით გატარდა. ჰიდროლოგიური მონიტორინგის ქსელი აღდგა, რომელიც მომსპარი და გაუბედურებული იყო. ეს ყველაფერი ხსნის გზას მეტი ეკონომიკურ ურთიერთობისთვის ევროკავშირთან, სადაც საზოგადოების მონაწილეობა უკვე ჩვენი კანონმდებლობით არის გარანტირებული", - განაცხადა მაია ბითაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს