ირაკლი ქარსელაძე - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონები“ უპრეცედენტოა თავისი შინაარსითა და მასშტაბით

2021 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონები“ უპრეცედენტოა თავისი შინაარსითა და მასშტაბით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ "მინისტრის საათის" ფორმატში სამინისტროს 2021 წლის საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით და უწყებების აქტიური მონაწილეობით შერჩეულ მდებარეობებზე მიმდინარეობს და ბევრგან უკვე სრულდება ურბანული განახლების სამუშაოები.

პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები 500 მილიონი ლარით განისაზღვრა და გრძელდება მეორე ფაზის განვითარებაც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 300 მილიონ ლარამდე სამუშაოები.

მინისტრმა ურბანული განახლების სხვა პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები ველისციხის და დუშეთის მე-19-მე-20 საუკუნეების ისტორიული სახლების რეაბილიტაციის მეორე ფაზის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დუშეთის ცენტრალური ნაწილი იქნება სრულად განახლებული.

„ეს პროექტები, ახალი მიზიდულობის ცენტრს შექმნის რეგიონში. ეს არის იმ კარგი მაგალითების გაგრძელება, როგორიცაა სოფელი დართლოს, აბასთუმნის ისტორიული სახლების, ასურეთის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროექტები და სხვა. ცხადდება მესტიაში ლაღამის უბნის ურბანული განახლების ტენდერი და ამ მიმართულებით კიდევ ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს“, -განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, ზუგდიდის ცენტრალური მოედნისა და ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის განახლებასთან ერთად, ზუგდიდში აშენდება ზვიად გამსახურდიას ბიბლიოთეკა სამკითხველო დარბაზით, არქივით, საგამოფენო და საინფორმაციო სივრცეებით.

ასევე, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა, დეცენტრალიზაციის 5 წლიანი სტრატეგიის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა წარმატებით განხორციელდა.

მისი თქმით, დაგეგმილი სამუშაოების 90% შესრულებულია, ხოლო 10% მეტწილად შესრულებული სამუშაოები 2022 წლის განმავლობაში შესრულდება.

„2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში, მიღწეული მნიშვნელოვან შედეგების მოკლე ჩამონათვალი ასეთია: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის მიღებულია 171 საკანონმდებლო ცვლილება; საკანონმდებლო ცვლილებებით, მოწესრიგდა მუნიციპალური ტრანსპორტისა და პარკირების საკითხები; შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტები სხვადასხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაჯარიმების მექანიზმების მოწესრიგებისა და ქონების გადაცემის პროცესში პროცედურების გამარტივებისთვის; მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში გადაეცათ 2200-ზე მეტი ობიექტი; შეიქმნა და დაინერგა ინფორმაციული ნაკადების მართვის ერთიანი მუნიციპალური პლატფორმა www.ms.gov.ge; მიუხედავად პანდემიისა, 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგ საჭიროებათა კვლევა, მოხერხდა 4000-ზე მეტი საჯარო მოხელის სხვადასხვა სფეროში გადამზადება; 20-მდე მუნიციპალიტეტში დაინერგა სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშგების შეფასებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მექანიზმები (PEFA) 2021 წლის ბოლოსთვის სამიზნე მაჩვენებლების შესრულებიდან გამომდინარე, 34 მუნიციპალიტეტს გამოეყო დამატებით კაპიტალური გრანტი და სხვა“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტებით, მიმდინარეობს 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის დამტკიცებისათვის საჭირო პროცედურები. ყველა დაგეგმილი ღონისძიება თუ აქტივობა შექმნის მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური და ფინანსური გაძლიერების საფუძველს.

ამასთან, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, გრძელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებების მხარდაჭერა.

,,მიმდინარეობს, პრემიერ-მინისტრის ინიცირებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წელს ომის შედეგად დაზიანებული 28 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციისათვის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის შედეგადაც მოსახლეობა დაბრუნდება სოფელში“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს დაახლოებით 262 475 ადამიანი და 497 საწარმო.

კანონის ამოქმედებიდან დღემდე კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებზე სულ მიიმართა დაახლოებით 402.7 მლნ ლარი, საიდანაც 2021 წელს მიიმართა დაახლოებით 96.5 მლნ ლარი, რაც 19% -ით მეტია 2020 წელს აღნიშნული მიმართულებით გაწეულ დაფინანსებასთან მიმართებაში.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება. 2016 წლიდან 2022 წლის ჩათვლით მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით გამოყოფილი იქნა დაახლოებით 77 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც დღეის მდგომარეობით დაფინანსებული არის მათ შორის 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაცია, 136 გზის რეაბილიტაცია, წყალმომარაგების 32 პროექტი, ნაპირსამაგრი ღონისძიებების 24 პროექტი, სპორტული ინფრასტრუქტურის 19 პროექტი. 2021-23 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში სხვადასხვა უწყებების მიერ დაახლოებით 940 მლნ ლარის ღონისძიებები არის დაგეგმილი, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მხარდაჭერის მიზნით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა