შალვა პაპუაშვილი - ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე კარგად სწორედ ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ

ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე კარგად სწორედ ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ - ამასთანავე, ყველაზე კარგად გვესმის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობა! - ეს განცხადება თავისუფლების მოედანზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილმა საქართველოს საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და თავისუფალი, დამოუკიდებელი, მშვიდობიანი ქვეყნის სამსახური უსურვა.

“დღეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ეროვნული თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანესი გამოხატულების - დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ეს არის დღე, რომელიც თავდადებისა და ბრძოლის შესახებ მეხსიერებას ინახავს. ამიტომ გამორჩეულ პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც თავდაუხრელად იბრძოლეს, სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას და შეგვინარჩუნეს სახელმწიფო. ამავე დროს, ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ჩვენი სამშობლოსა და მომავალი თაობების წინაშე, რომ გავაგრძელოთ წინსვლა და განვამტკიცოთ დამოუკიდებლობა.

განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ ჩვენი გმირები - სამხედროები, პოლიციელები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ერთგულად იცავენ საქართველოს ხილული და უხილავი საფრთხეებისგან;

ჩვენი პედაგოგები, რომლებმაც აღგვზარდეს ჩვენ და ახლა ჩვენს შვილებს უზიარებენ თავიანთ ცოდნას და ფასეულობებს;

სპორტის, მეცნიერების და კულტურის წარმომადგენლები, რომლებიც მთელ მსოფლიოში წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი წინაპრების მსგავსად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კაცობრიობის წინაშე;

ჩვენი მშობლები, რომლებიც მრავალი განსაცდელის მიუხედავად, მტკიცედ იდგნენ თითოეული ჩვენგანის და ქვეყნის უკეთესი მომავლის სადარაჯოზე; მშობლები იმ რეკრუტების, რომლებიც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცის დადების ცერემონიალის მოწმენი იყვნენ იმისთვის, რომ რომ მათ ასეთი პატრიოტი ადამიანები აღზარდეს.

აქვე, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს უცხოელ მეგობრებს, რომლებიც ძნელბედობის მიუხედავად გვერდში ედგნენ ჩვენს ქვეყანას, საგარეო ასპარეზზე იცავდნენ მის ინტერესებს და თავიანთი ღვაწლით განამტკიცეს საქართველოს დამოუკიდებლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 1918 წლის 26 მაისს მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ დიდხანს არ გასტანა, ქვეყანა ანექსიის მარწუხებში მოექცა, თუმცა დამოუკიდებლობის 3 წელიც კი საკმარისი იყო, რომ საქართველოს იმ დროისთვის მოწინავე კონსტიტუცია მიეღო, რომელიც ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნებოდა, კრძალავდა სიკვდილით დასჯას, ხაზს უსვამდა ქალებისა და კაცების თანასწორობას და სამართლებრივ საფუძველს უქმნიდა ახალ პოლიტიკურ სისტემას.

“წითელი არმიის შემოჭრამ და დამოუკიდებლობის დაკარგვამ ვერ ჩაახშო ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მისწრაფებები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. დაიწყო ბრძოლის ახალი ტალღა, რომელიც 26 მაისის თავისუფლების იდეებს ეფუძნებოდა. ამ ბრძოლაში ხალხს განსაკუთრებულ ძალას რწმენა და პროგრესული ღირებულებები აძლევდა, რომლებიც ოდითგანვე საერთო მიზნის ქვეშ აერთიანებდა საქართველოს მოსახლეობას და მას ევროპულ სამყაროსთან აკავშირებდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა