ხატია დეკანოიძე - პრაქტიკულად მთელი ქვეყანა ციხის კარებთან მიამაგრა „ქართულმა ოცნებამ“ - ქვეყანა, რომელსაც აქვს განაცხადი ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე, პოლიტიკური მართლმსაჯულების ბუდეში ვერ იქნება

პრაქტიკულად მთელი ქვეყანა - ოპოზიციური სპექტრი, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ. პრაქტიკულად ციხის კარებთან მიამაგრა „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, მაშინ, როცა ევროკავშირის კითხვარში პირდაპირ არის დასმული კითხვა, ჰყავს თუ არა ქვეყანას ჟურნალისტი ციხეში, ნიკა გვარამიას დაკავება იყო წითელი ხაზი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გადაკვეთა.

„ნიკა გვარამიას შემთხვევა არის იმ ხარისხის კანონის უზენაესობის ჩარჩოდან გასვლა, რომ ევროკავშირი ქვეყანას პირდაპირ ეკითხება კითხვარში, გყავთ თუ არა ჟურნალისტი ციხეში. ასეთი ქვეყნები წარმოადგენენ ძალიან დიდ რისკს, ძალიან დიდი რისკის ზონაა ევროინტეგრაციის კუთხით თვითონ ევროკავშირისთვის. ეს იყო პრაქტიკულად წითელი ხაზი, რომელიც მათ გადაკვეთეს.

ოპოზიციის ყველაზე უმნიშვნელოვანესი ვალია, რომ ჩვენ მივუთითოთ ხელისუფლებას, ვამხილოთ და ვუთხრათ, რომ ეს ასე არ შეიძლება, ეს ვნებს ქვეყანას და ასევე ალტერნატივა წარმოვადგინოთ. პირველ ნაწილს ოპოზიცია კარგად აკეთებს, მაგრამ მეორეში, ალტერნატივის კონტექსტში არ გვაქვს საუკეთესოდ საქმე, რადგან ისეთი რეალობაა ქვეყანაში, რომ პრაქტიკულად მთელი ქვეყანა - ოპოზიციური სპექტრი, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ. პრაქტიკულად ციხის კარებთან მიამაგრა „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კითხვაზე, უნდა ჰქონდეთ თუ არა პარტნიორების მხარდაჭერის, ხმის ამოღების იმედი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, ხატია დეკანოიძე პასუხობს, რომ ამ კუთხით "ძალიან იმედიანადაა".

„ასეთი განცხადებები გვესმის მუდმივად და პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან იმედიანად ვარ ზუსტად ამ კუთხით და ამ მიმართულებით. ქვეყანა, რომელსაც აქვს განაცხადი კანდიდატობის სტატუსზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მართლმსაჯულების ბუდეში ვერ იქნება, ამიტომ, ეს აუცილებლად დასრულდება, ამას უნდა შრომა და ძალიან აქტიური მუშაობა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ გადაცემაში ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც, მოსამართლის კონკრეტული გადაწყვეტილების გამო სემინარზე არდაშვება სისხლის სამართლის დანაშაულია.

ხატია დეკანოიძის თქმით, კობახიძის აღნიშნული განცხადება გამოწვეულია იმით, რომ მოსამართლეებს შფოთვები აქვთ, რადგან მათ ეშინიათ არ გაირიყონ ცივილიზებული სამყაროდან და კობახიძეს დაცვას სთხოვენ“.

“„ქართული ოცნება“, არც ბატონი კობახიძე, არც თვითონ ბატონი ივანიშვილი არ არიან იმ კალიბრის ფიგურები, რომლებმაც საერთოდ რაიმე სახის შანტაჟი გაუგზავნონ აშშ-ს. პარლამენტში კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება აღვიქვი შემდეგნაირად, მოსამართლეებს, ვინც სასამართლოში გადაწყვეტილებებს იღებენ არაკანონიერად, მოსამართლის ამ საგანმანათლებლო პროგრამიდან ამოღების შემდეგ გაუჩნდათ შფოთვები, ასეთი ინფორმაცია ჩვენ გვაქვს და მეც მაქვს პირადად. ეს შფოთვები გულისხმობს იმას, რომ ამ ადამიანებს აქვთ აშშ-ის ვიზები, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობენ და შესაძლებელია ისინი გაირიყონ ცივილიზებული სამყაროდან სანქციების კუთხით.

მე კობახიძის განცხადება ასე აღვიქვი. მას მოსამართლეები ეუბნებიან, რომ „დიდი ბოდიში, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თქვენ მოგწონთ და რომელიც თქვენ გინდათ პოლიტიკური მართლმსაჯულების კუთხით, ვართ მთავარი ინსტრუმენტები და ახლა დაგვიცავით“ და ამიტომ გააკეთა ასეთი განცხადება კობახიძემ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო