სალომე სამადაშვილი - არ შეიძლებოდა ამაზე არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყოლოდა ქვეყანას მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება სწორედ საგარეო ასპარეზზე

ახალი დანიშნული ბრძანდებით ამ პოსტზე და ვფიქრობ, ყველანი გაოცებული დავრჩით. არ შეიძლებოდა ამაზე არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყოლოდა ქვეყანას, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება სწორედ საგარეო ასპარეზზე, - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

სამადაშვილის თქმით, მინისტრმა გამოსვლაში არც ერთ კითხვაზე არ გასცა პასუხი და ევროკავშირის განაცხადთან დაკავშირებით არანაირი პოლიტიკური მხარდაჭერა არ გამოხატა.

„დიდი ინტერესით ველოდებოდი ბატონო მინისტრო თქვენს გამოსვლას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ახალი დანიშნული ბრძანდებით ამ პოსტზე და ვფიქრობ, ყველანი გაოცებული დავრჩით. არ შეიძლებოდა ამაზე არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყოლოდა ქვეყანას, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება სწორედ საგარეო ასპარეზზე. ვერ მოვისმინეთ თქვენგან, არა თუ ვერც ერთ კითხვაზე პასუხი, არამედ ვერ მოვისმინეთ საერთოდ ვერანაირი ნიშანი რაიმე პოლიტიკური მხარდაჭერის ჩვენი ევროკავშირის განაცხადთან დაკავშირებით.

მაქვს მარტივი შეკითხვა - ჩვენ რომ გვაქვს სურვილი ევროკავშირში გავწევრიანდეთ, გასაგებია და ჩვენ ნამდვილად გვაქვს ეს სურვილი და ქართველ ხალხსაც, მაგრამ ევროპაში ვინმეს აქვს სურვილი თქვენი ხელისუფლების პირობებში, რომ მოგვცეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? აი, გამოდიოდა საგარეო საქმეთა მინისტრი და დაავიწყდა ეთქვა, რომ ევროპარლამენტმა მიიღო მხარდამჭერი რეზოლუცია როგორც უკრაინის, ასევე მოლდოვის კანდიდატის განაცხადთან დაკავშირებით და ევროპარლამენტმა პოლიტიკური განაცხადი გააკეთა, რომ მხარს უჭერს როგორც უკრაინის, ასევე მოლდოვის განაცხადს გაწევრიანდეს ევროკავშირში. სად არის საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია? რატომ არ არის მსგავსი რეზოლუცია არა თუ მიღებული, არამედ პარლამენტის დღის წესრიგშიც არ არის შეტანილი და მე მინდა შეგახსენოთ, რომ მხოლოდ ერთი სესია რჩება ევროპარლამენტს ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე. ხომ არ გასცემთ საზოგადოებას პასუხს, სად არის პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი განაცხადის?“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს