ადვოკატის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ სამხარაულის ექსპერტის საქმეზე პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების მითვისება-გაფლანგვაში მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დატოვა.

როგორც მსჯავრდებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სასამართლომ ე.წ. საგამონაკლისო უფლება გამოიყენა და მას პატიმრობა 5 წელითა და 3 თვის ვადით მიესაჯა.

„საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის საკასაციო საჩივარი ლევან სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის მიმართ და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენი. ექსპერტს პროკურატურა ედავებოდა სსკ-ის 182- მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" პუნქტის და მე-3 ნაწილის "დ" პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც 7-დან 11-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლები დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.

სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნის შესაბამისად გამოიყენა ე.წ. საგამონაკლისო უფლება და მას 5 წლისა და 3 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა. სახელმწიფო ბრალდება სასჯელის გამკაცრებას ითხოვდა, ვინაიდან მათი მოსაზრებით, არ უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი გამოყენებული, რომლის საფუძველზე 7-დან 11-წლამდე გათვალისწინებულ პატიმრობის სასჯელზე 5 წელი და 3 თვე არ შეესაბამებოდა ობიექტურ სასჯელს. მიუხედავად პროკურორის ამ მოთხოვნისა, უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის მყარი არგუმენტები და მიიჩნია რომ სსსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი სწორად იქნა გამოყენებული და დატოვა შეფარდებული სასჯელი უცვლელად“, - განაცხადა ფანცულაიამ.

ცნობისთვის, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, რომელიც დაწესებულებაში 7 წლის განმავლობაში მუშაობდა, გასული წლის 26 ივნისს დააკავეს. ის საგამოძიებო უწყებაში საკუთარი ნებით გამოცხადდა და მისი დანაშაულებრივი ქმედების შესახებ განაცხადა. უმანკოშვილს სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეებზე მოპოვებული მტკიცებულებები ექსპერტიზის ბიუროდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში გაჰქონდა. ზარალი, დაახლოებით, 150 000 ლარს შეადგენს. უმანკოშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით სხვისი ნივთის, ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო, მითვისებას, ან გაფლანგვას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა