რომან გოცირიძე პრემიერს - იმას გეუბნებოდით, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გითხრათ, რომ საქართველო არ უნდა გახდეს სანქციების გვერდის ავლის ტერიტორია - როდესაც 100-ჯერ გეუბნებიან, ე.ი. გაკვირდებიან და იციან

ვინ გეუბნებოდათ, რომ ბორჯომი, ღვინო და სხვა საქონელი რუსეთში არ გავიტანოთ? ჩვენ იმას გეუბნებოდით, რაც გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა და გუშინწინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გითხრათ, რომ საქართველო არ უნდა გახდეს სანქციების გვერდის ავლის ტერიტორია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას არავინ სთხოვს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეროვნულ დონეზე სანქციები დააწესოს.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში ორი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გაჟღერდა.

„ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აბზაცი უნდა წაგიკითხოთ იმ წერილიდან, რომელიც ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში იყო მოხსენიებული და მინდა დავსვა კითხვა, რომელია ამ ორიდან სწორი? ვერ გავიგე, სანქციებს მივუერთდით თუ არა? პირველი, რაც თქვენ თქვით - „ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა პროდუქცია, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ შეტანილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს“. თქვენი მეორე განცხადება - „ეროვნულ დონეზე სანქციები არ დაგვიწესებია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“. ვერ გავიგე, სანქციებს მივუერთდით თუ არა? აქ ხალხს რომ აშინებთ, ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესებას ვინ გთხოვდათ? თურმე ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთიდან არ ვიყიდოთ ხორბალი, არ შემოვიტანოთ საწვავი, გაზი და კიდევ უამრავი სხვა. ვინ გეუბნებათ ამას? ვინ გეუბნებოდათ, რომ ბორჯომი, ღვინო, და სხვა საქონელი არ გავიტანოთ? ჩვენ გეუბნებოდით იმას, რაც გუშინ გითხრათ საფრანგეთის პრეზიდენტმა და რაც გუშინწინ გითხრათ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რომ საქართველო არ უნდა გახდეს სანქციების გვერდის ავლის ტერიტორია. როდესაც 100-ჯერ გეუბნებიან, ესეიგი გაკვირდებიან და იციან. გაკვირდებიან კოსმოსიდან, ინტერნეტიდან, საელჩოებიდან, დაზვერვიდან, არასამთავრობოები, რომლებიც თქვენ გძულთ და რაღაც ინფორმაციებს აწვდიანო, მათ ყველაფერი იციან“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება „ორმაგ თამაშს ეწევა“.

„გუშინ წავიკითხე გაზეთ „ვედომოსტის“ სტატია, რომელიც წერს, რომ ლარსზე გაჩერებულია 3000 რუსული მანქანა. „ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზა“ - წერენ რუსები. „სიცოცხლის გზა“ იცით რა არის? ზამთარში ლენინგრადის ბლოკადის დროს ლადოგის ტბა რომ გაიყინებოდა, მაშინ გადადიოდნენ მანქანები, ტანკები და ადამიანები ლენინგრადში და ქალაქი მარაგდებოდა საჭმლით. ასე აღიქმება ეს გზა რუსეთისთვის და თითოეული ეს მძიმე სატვირთო მანქანა რომ შემოვიდესო, საჭიროა 30-დან 40 დღემდე და გვიშველეთ რაღაც საქართველოში ამ ტვირთების გატარებაზეო. 3 000 ტვირთიდან რა დევს იცით ბატონო ირაკლი? თქვენ რომ წერთ, დავალება მივეციო, ვის გაუგია სიტყვიერი დავალება? სად არის თქვენი განკარგულება, ბრძანება ან საბაჟოში დადგენილება სპეციალური სასაქონლო კოდის მითითებით, რომ ეს სანქცირებული საქონელი რუსეთში ვერ შევა? სად არის ფინანსთა სამინისტროს დადგენილება? თქვენ ასე ატყუებთ ჩვენს ამომრჩეველს, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს. მერე აბაშიძეს დაარეკინებთ კარასინთან და ეტყვის, არ დაუჯეროთ, ახლა პარლამენტში ხომ იცით, იტყუება და სანქციებზე მიერთებული არ ვართ - ეტყვის, აბა ნახეთ დოკუმენტი გამოცემული გვაქვს თუ არაო. სინამდვილეში, ორმაგ თამაშს ეწევით თქვენ და არ გაგივათ ეს ორმაგი თამაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო