ლევან გოგიჩაიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ არ მოგვცენ  კანდიდატის სტატუსი - ისინი ამის გამკეთებლები არიან

განცდა მაქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ არ მოგვცენ ჩვენ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პირადი ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის შეუძლია, რომ „ნაბან წყალს ბავშვი გადააყოლოს“.

„მე მათთან ერთად დელეგაციებში ნამყოფი ვარ, ისინი როგორ იქცევიან ნანახი მაქვს. ვყოფილვარ მათთან ერთად ამერიკაში, შეხვედრებზე კონგრესმენებთან და განცდა მქონდა, რომ არ ვიყავი ქართველებთან ერთად, ვიღაც ავისმოსურნეებთან ერთად ვიყავი. მათ შეუძლიათ, რომ თავიანთი პირადი ვიწროპოლიტიკური ინტერესის გამო, ნაბან წყალს ბავშვი გადააყოლონ, ასეთი სულისკვეთების ხალხია“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კითხვაზე იზიარებს, თუ არა „ქართული ოცნების“ ბრალდებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, რომ ისინი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს უშლიან, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ისინი „ამის გამკეთებლები არიან“.

„არაერთ დელეგაციაში ვყოფილვარ მათთან ერთად და მიგრძვნია, რომ ესენი ამის გამკეთებლები არიან, მე მაქვს ნანახი როგორ იქცევიან ესენი შეხვედრების დროს, როდესაც საქმე მათ პირად ინტერესს ეხება.

დღეს როგორ დააყენეს მათ საკითხი? - ნახეთ, რომ სააკაშვილის პატიმრობაზე ადის ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება. იმხელაზე აწიეს თამასა, რომ ჩვენ რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, მათივე ლოგიკით გამოდის, რომ სააკაშვილი არის ციხეში ლეგიტიმურად. მათ ასე დააყენეს საკითხი და თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ესე იგი ევროპამ თვალი დახუჭა სააკაშვილის პატიმრობაზე. ეს მათთვის იქნება კატასტროფა, რადგან მათთვის სააკაშვილი არის დედა, მამა, ყველაფერი. მათ ისე აწიეს თამასა, რომ დღეს ექნებათ სრული დეპრესია, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ.

მე იმედი მაქვს, რომ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმე არ მოახდენს გავლენას ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებაზე, იმიტომ, რომ არც სააკაშვილით იწყება ამ ქვეყნის ცხოვრება და არც ჩემით. ეს საქართველოა, ამას უნდა ვუყუროთ დიდ პერსპექტივაში. ერთ კაცზე როგორ შეიძლება ქვეყნის მომავალი იყოს ჩამოკიდებული“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემაში პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი რიტორიკა ბოლო თვეებთან შედარებით შეცვლილია.

„პირდაპირ გეტყვით, რაც არ უნდა დრო გავიდეს, მისი ფრაზები, რომ „უკრაინა დაისაჯა“, „სანქციები არ მუშაობს“, დავიწყებას არასდროს არ მიეცემა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებამ იაქტიურა. დღეს რასაც ღარიბაშვილი ლაპარაკობს, ამას შეიძლება ჩვენ დავარქვათ საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად შეცვლილი რიტორიკა, რომელიც, მიუხედავად იმისა, 25 თებერვალს რას ფიქრობდა ღარიბაშვილი, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაჟღერებული პოზიცია, რომ არ დავუშვებთ, რუსეთს მიეცეს სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალება, მიუხედავად იმისა, ის გულში ვის გულშემატკივრობს, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის მედიის, საზოგადოების და პარტნიორების ზეწოლის შედეგად მიღწეული.

ამას ღარიბაშვილი ორთვენახევრის თვის წინ არ ილაპარაკებდა. დღეს ყველა ხვდება, რომ ხომ არ უნდა ჩაჰყვე მართლა საფლავში იმ სივრცეს, რომელიც იდეოლოგიურად მარცხდება - რაღაც სამყარო მთავრდება, ისტორიული მომენტი ხდება. შეიძლება თავიდან ჰქონდა არასწორი მხარე, მაგრამ რიტორიკის დონეზე აქ შემობრუნებაც კი მნიშვნელოვანია. შეიძლება დაძალებით, არაბუნებრივად მოხდა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა