მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს ეკონომიკური წინსვლა უდავოდ არის ჩვენი ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა

საქართველოს ეკონომიკური წინსვლა უდავოდ არის ჩვენი ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა და ამ მიმართულებით თქვენი სამინისტროს საქმიანობა არის მთავარი ღერძი მთავარი მიზნის მისაღწევად, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის სხდომაზე ინტერპელაციის წესით მოწვეულ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება იმ ასპექტებზე გაამახვილა, როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

„დღეს საქართველო ევროკავშირისგან პასუხს ელის, რომ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის პერსპექტივა გაუჩნდეს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ამავდროულად წარმატებით ვასრულებთ ასოცირების შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის მთავარი საფუძველია“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

დეპუტატმა განსაკუთრებული აქცენტი იმ შედეგებზე გააკეთა, რაც საქართველოს მიერ 2014 წლიდან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გატარებამ საქართველოს მოუტანა.

„შედეგად დღეს უკვე სახეზე გვაქვს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები მზარდია და ბევრად მეტი შესაძლებლობა გაჩნდა იმისათვის, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით მონიჭებული შესაძლებლობების გამოყენება უკეთ მოხდეს. თუმცა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა რამდენადაც ხელსაყრელია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ უნიკალური სატრანზიტო პოტენციალი ჰქონდეს, იმდენად ფიზიკური საზღვრის არქონა დამატებით ბარიერებს ქმნის საქართველოს ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარე იმ ძალისხმევას მიესალმება, რასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შავი ზღვის პოტენციალის უკეთ გამოსაყენებლად აკეთებს.

„ჩვენ ევროკავშირის მხრიდან დახმარება გვჭირდება, რომ შავი ზღვა იყოს არა გამყოფი, არამედ დამაკავშირებელი ზღვა ევროკავშირთან.

პოტენციალი არის ნამდვილად დიდი, ამას ევროკავშირის მხრიდან მეტი ინვესტიცია, მეტი ჩართულობა სჭირდება. მე მოხარული ვიქნები, თუ ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, განსაკუთრებით ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, რომლებიც შავ ზღვასთან არიან დაკავშირებული და ევროკავშირის ინტერესის გასაზრდელად ძალისხმევას გავაერთიანებთ.

დღეს ჩვენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მეტი ბიზნეს კავშირები და მეტი ერთობლივი ინიციატივები გვჭირდება. ეს არის ის, რაც საქართველოს ეკონომიკაში და ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით სურათს შეცვლის. საქართველოსადმი ინტერესს და ევროპული ბიზნეს საზოგადოების მხრიდან ნდობას გაზრდის, რაც თავის მხრივ, ეკონომიკური კავშირების მეტად განვითარებას ხელს შეუწყობს. აქ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ საქართველოს 2014 წლიდან დღემდე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით შთამბეჭდავი პროგრესი აქვს, ეს კი საკმაოდ შრომატევადი და რთული რეფორმების წარმატებით გატარებას უკავშირდება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს