გიორგი ვაშაძე - საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერმა თქვეს, რომ ევროკავშირის დედაქალაქებში წასვლას აპირებენ და ეს ადამიანები იორდანიაში აღმოვაჩინეთ, იქნებ უთხრათ ღარიბაშვილს, რომ იორდანია ევროკავშირის წევრი არ არის

„ქართულ ოცნებას“ 3-საფეხურიანი სტრატეგია აქვს - როგორმე უარი გვითხრან კანდიდატის სტატუსზე, ეს ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციას და სამყაროში ყველას საკუთარი თავის გარდა და დაგვტოვოს პირისპირ რუსეთთან, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ვაშაძის შეფასებით, საქართველომ მეტი უნდა მოითხოვოს, რადგან აშშ-ში მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ უკრაინას MAP-ი გადასცენ.

„ვფიქრობ, რომ გასული კვირა იყო გარდამტეხი და საზოგადოებამ რეალურად დაინახა ვის სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ვის - არა. პარლამენტში დებატები გვქონდა, პრემიერიც მოსული იყო, საგარეო საქმეთა მინისტრიც და მათ არცერთი კითხვისთვის პასუხი არ გაუციათ. ჩვენ გადავეცით ჩვენეული 7-პუნქტიანი გეგმა, რაც ევროკავშირის ელჩის განცხადების საპასუხოდ იყო, რომელმაც თქვა, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს მხრიდან. ჩვენ ჩვენი 7-საფეხურიანი გადამწყვეტი ნაბიჯები გადავეცით, რაც 2 კვირაში არის მოსწრებადი. არაფერი განსაკუთრებული იქ არ არის - მართlმსაჯულების რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, უკრაინის მხარდამჭერი აქტი, საკანონმდებლო პაკეტის მიღება, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდება საქართველოდან“, - განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იორდანიაში.

„ერთადერთი, რაც გასულ კვირას გამეხარდა - საგარეო საქმეთა მინისტრმა და ღარიბაშვილმა თქვეს, რომ ევროკავშირის დედაქალაქებში წასვლას აპირებენ და ეს ადამიანები იორდანიაში აღმოვაჩინეთ. იქნებ უთხრათ ბატონ ღარიბაშვილს, რომ იორდანია არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მივესალმები ქართული კულტული ცენტრის გახსნას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც ევროკავშირს კანდიდატობის სტატუსი წყდება და წუთები და საათები არის დარჩენილი აქამდე, სად არის მათი ვიზიტები?“ - განაცხადა ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ასევე შეეხო მმართველი პარტიის ლიდერთა მხრიდან ოპოზიციის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატები ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ.

„ტყუილს მოიგონებენ, ტყუილით გამოვლენ და ამ ტყუილზე ლაპარაკობენ. კობახიძეს ხომ ვუთხარი - ან მტკიცებულება, ან ბოდიში. მტკიცებულება ვერ მოიტანა და მას ბოდიში აქვს მოსახდელი, მაგრამ მხოლოდ ოპოზიციის მიმართ არ აქვს ბოდიში მოსახდელი. დადგება დრო და კობახიძე ბოდიშს მოუხდის საზოგადოებას - ქართველ ხალხს იმ ანტიეროვნული ნაბიჯებისთვის, რაც დღეს არის. ევროპარლამენტარს რომ დაესხი თავს, ერთხელ მაინც არ იფიქრე შენს ეროვნულ ინტერესებზე? ხალხზე რატომ არ იფიქრე?“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა