მიხეილ სარჯველაძე - ყველა ვთანხმდებოდით, რომ რეფორმებზე სამუშაოა - არც ისეთი დრამატული სურათი გვაქვს, როგორც დაგვძახიან ოპონენტები

კარლ ჰარცელის გზავნილი მე მაგალითად, ასე მესმის, რომ ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა დავინახოთ უფრო უკეთესი, უფრო მეტი განვითარებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა და ასე ვხედავთ კიდეც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ალბათ, შეიძლებოდა გაკეთებულიყო უფრო მეტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაც გაკეთდა იმას ხაზი გადაესვას.

„ალბათ შეიძლებოდა, რასაკვირველია, გაკეთებულიყო იმაზე მეტი, ვიდრე ამ დრომდე გაკეთდა, თუმცა ეს უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ საქართველოს რაც გაკეთებული აქვს, არ ნიშნავს, რომ ამას ხაზი გადაესვა და თქვა, რომ საქართველოს არ აქვს წარმატებები. საქართველოს აქვს მართლაც ძალიან მასშტაბური და შთამბეჭდავი წარმატებები და ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სამომავლოდაც ვხედავდეთ განვითარებას. ღმერთმა არ ქნას, რომ მივიდეთ იმ ეტაპამდე, როდესაც ვეღარ დავინახავთ წინსვლისა და გაუმჯობესების პერსპექტივას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, საყვედური იმის შესახებ, რომ მართლმსაჯულების რეფორმები უფრო სწრაფად არ განხორციელდა, მხოლოდ ხელისუფლებას არ ეკუთვნის, არამედ ზოგადად საზოგადოებას, ოპოზიციის ჩათვლით.

„ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს არის საყვედური ხელისუფლების მიმართ, მე მგონია, რომ საყვედური ეკუთვნის ზოგადად საზოგადოებას, მათ შორის ოპოზიციის ჩათვლით. მაგალითად იმის გამო, რომ თავის დროზე დიდი ხსნის განმავლობაში პარლამენტში შესვლისგან თავს იკავებდა. ესეც რა თქმა უნდა, იყო ხელის შემშლელი რეფორმების უფრო სწრაფად განხორციელებისთვის. ბევრი ცოდვა აქვს ოპოზიციას მათ შორის ამ მიმართულებით იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში რეფორმების განხორციელებისთვის კონსტრუქციულად განწყობილი არ ყოფილა. ეს არის ის რეფორმები, რომელიც აუცილებლად მოითხოვს კონსტრუქციულ ჩართულობას ოპოზიციისას.

პროგრესული რეფორმები ხორციელდებოდა და ხორციელდება ინტენსიურად და განხორციელდება მომავალშიც. ჩვენც ვხედავთ და რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩიც ხედავს საქართველოში შემდგომი ეტაპების რეფორმებს, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია, განსხვავებული შეხედულებებში ნამდვილად არაფერი გვაქვს, მაგრამ აქ შეიძლება ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის შესაძლებელი რეფორმების უფრო სწრაფად განხორციელება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმების გატარებისთვის, შარლ მიშელის შეთანხმებაზე დაბრუნება არაა საჭირო, რადგან თუ რეფორმა მიშელის დოკუმენტის გარეშე ვერ ხორციელდება, მაშინ ვერც მიშელის დოკუმენტის პირობებში განხორციელდება.

„მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი პოსტულატი იყო სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობის დაწყება, განა შეუძლებელია, მიშელის დოკუმენტის გარეშე რომ დავსხდეთ და გავაკეთოთ? თუ ეს შეუძლებელია დღეს მიშელის დოკუმენტის გარეშე, მაშინ ეს შეუძლებელი იქნება მიშელის დოკუმენტის პირობებშიც. ყველა ვთანხმდებოდით, რომ რეფორმებზე არის სამუშაო, მაგრამ როდესაც ვატყობთ, რომ პროცესი ბევრ შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან გამოიყენება პოლიტიკური კეკლუცობისთვის, პოლიტიკური დესტრუქციისთვის, ეს რასაკვირველია ამძიმებს მუშაობის შესაძლებლობებს და პერსპექტივებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ბევრი მიმართულებით, მათ შორის სასამართლო სისტემაში ევროპული სტანდარტები დამკვიდრებული აქვს.

„ევროპული სტანდარტები მათ შორის სასამართლო სისტემის მარეგულირებელი ნორმების მიხედვით საკმაოდ ბევრი მიმართულებით, თუ არა ყველგან, რეალურად გვაქვს დამკვიდრებული. სასამართლო სისტემა არც ისეთი ნაკლოვანია დღეს, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ. ჩემი მიდგომა ასეთია, ის რაც გვაქვს აუცილებლად დაფასებას საჭიროებს. ადამიანი, რომელიც დღეს იტყვის, რომ 2012 წლის სასამართლო და დღევანდელი სასამართლო არის იგივე, ის არამც თუ უბრალოდ ცდება, არამედ მას არ უნდა ჭეშმარიტების აღიარება. სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის შედეგად, რეალურად ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

მე ვფიქრობ, რომ ბევრ შემთხვევაში გადაჭარბებულად, უსაფუძვლოდ, ემოციური ფონით დამძიმებული და ა.შ. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები გვქონდა, თუმცა თუკი შევეცდებით, კონკრეტული ინდიკატორებით გავზომოთ სასამართლო ხელისუფლების მდგომარეობა, აღმოვაჩენთ, რომ არც ისეთი დრამატული სურათი გვაქვს, როგორც დაგვძახიან ოპონენტები.

2012 წლის შემდეგ გვაქვს უზარმაზარი პროგრესი, მართლაც შთამბეჭდავი რეზულტატებია. თუკი ჩვენ, ვინც გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და ჩართული უნდა ვიყოთ რეფორმების პროცესში, ვერ შევთანხმდებით იმაზე, რომ 2012 წლის შემდეგ გვაქვს პროგრესი, ეს ძალიან გაგვიჭირვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს იმიტომ, რომ ვისაუბრებთ სხვადასხვა ენაზე, განსხვავებულ მოცემულობაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო