ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებამ თავზე ხელი აიღო - ხოლო ოპოზიციამ ლამისაა საკონტროლო გასროლა გაუკეთოს საკუთარ თავს

სამწუხარო რეალობაა, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ თავზე ხელი აიღო და თავზე ხელი აიღო იმიტომ, რომ თვლის, ქვეყნის შიგნით საქმე მოგვარებული აქვს, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლება ელოდება, რომ ევროკავშირი საქართველოს განაცხადს არ დააკმაყოფილებს და მათი ბოლოდროინდელი განცხადებები თავის დაზღვევაა.

„ელოდებიან, რომ განაცხადი არ დაკმაყოფილდება, ასეთი განწყობა აქვთ და შესაბამისად, იზღვევენ თავს. თავის დაზღვევის რეჟიმში მოქმედებენ ისე, რომ კიდევ უფრო ნეგატიურად განაწყობენ ჩვენს მიმართ, პირველ რიგში ხელისუფლების მიმართ და შესაბამისად სახელმწიფოს მიმართ, ყველა ჩვენს მეგობარს. როდესაც ისეთ განცხადებას აკეთებს ხელისუფლება, რომ შეურაცხყოფას აყენებს ევროპულ სტრუქტურებს, წამყვან ფიგურებს, ევროპარლამენტის დეპუტატებს, ეს, რა თქმა უნდა, კეთილგანწყობას არ უმატებს საქართველოს.

სამწუხარო რეალობაა, რომ ხელისუფლებამ უბრალოდ თავზე ხელი აიღო და თავზე ხელი აიღო იმიტომ, რომ თვლის, ქვეყნის შიგნით საქმე მოგვარებული აქვს. პრობლემები მათ აწუხებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც შეიძლება ამ პრობლემებმა მათ შეუქმნან ხელისუფლების შენარჩუნების პრობლემა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, აღნიშნულ ვითარებაში ოპოზიცია მხოლოდ იმას ახერხებს, რომ პარლამენტში ისეთი კითხვები დაუსვას ხელისუფლებას, რომელთა პასუხიც ისედაც ცნობილია.

„ხელისუფლებამ შექმნა ისეთი ვითარება, რომ პრაქტიკულად ოპოზიციის მხრიდან საფრთხეს ჯერჯერობით ვეღარ ხედავს. ხელისუფლებამ შექმნა და ოპოზიციამ ამაში ხელი ძალიან შეუწყო. ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია შუას გაკრეფის პოლიტიკა. ხოლო დღევანდელმა ოპოზიციამ უკვე საბოლოოდ ლამისაა საკონტროლო გასროლა გაუკეთოს საკუთარ თავს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ოპოზიცია ვერ ახერხებს გაერთიანებას, ვერ ახერხებს ხელისუფლებისთვის რეალური პრობლემის შექმნას გარდა იმისა, რომ პარლამენტში დებატებზე აძლევს კითხვებს, რომელზე პასუხიც წინასწარ ვიცით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უპასუხებს „ოცნების“ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ნინო ბურჯანაძე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ტრენდზე ზის, როცა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ იქცევა ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ იქცეოდა მის მიმართ და მას პრორუსობას აბრალებდა, ნინო ბურჯანაძე პასუხობს, რომ ის, „ქართულ ოცნებას“ პრორუსს ეძახის, რადგან ისინი ინარჩუნებენ სტატუს-კვოს, რომელიც რუსეთს ხელს აძლევს.

“„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ისეთი აცრა გამიკეთა და ისეთი რაღაცები დამაბრალა, რომ ამ ხელისუფლებამ რაღა უნდა თქვას? ყველაფერი ნათქვამია, რისი თქმაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა.

მე რასაც ვაკეთებდი არცერთ ჩემს ნათქვამს და ნაბიჯს, არა თუ დაუზარალებია ჩვენი ქვეყანა, არამედ ყველა ეს ნაბიჯი მიმართული იყო იქითკენ, რომ რაღაც პერსპექტივა გახსნილიყო. მე ამ ხელისუფლებას რომ ვაკრიტიკებ და ვეძახი პრორუსულს, რატომ ვეძახი იცით? ეს ხელისუფლება ინარჩუნებს სტატუს-კვოს, რომელიც არ აწყობს საქართველოს, მაგრამ აწყობს რუსეთს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა