პაატა მანჯგალაძე - პრეზიდენტი არ არის კვლევითი ორგანიზაციის ექსპერტი, რომ მხოლოდ სწორი განცხადებები აკეთოს - მან ქმედებებით უნდა გამოასწოროს ის, რაც არ მოსწონს, თუმცა ასეთ ქმედებებს ვერ ვხედავთ

პრეზიდენტი არ არის ექსპერტი, რომ მხოლოდ სწორი განცხადებები აკეთოს. მას, როგორც სახელმწიფო მეთაურს აქვს მეტი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა კონკრეტული ქმედებებით გამოასწოროს ის, რაც არ მოსწონს - ასეთ ქმედებებს ჩვენ ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე პრეზიდენტს მიმართავს, რომ „ახლა ქმედებების დროა“. მისივე თქმით, პრეზიდენტს აქვს უფლება, ის ნაბიჯები გადადგას, რაც სწორად მიაჩნია. როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, „ახლა, როცა მოლაპარაკებებს უნდა ვაწარმოებდეთ პარტნიორებთან, ის გამოკეტილია შიდაპატიმრობაში და საქართველოდან გასვლის უფლებაც არ აქვს“.

„პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხშირად სწორ და დაბალანსებულ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ მას უნდა ესმოდეს, რომ ის არ არის რომელიმე კვლევითი ორგანიზაციის ან ფონდის დაქირავებული ექსპერტი, რომ მხოლოდ სწორი განცხადებები აკეთოს, მას, როგორც სახელმწიფო მეთაურს აქვს მეტი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, კონკრეტული ქმედებებით გამოასწოროს ის, რაც არ მოსწონს. ასეთ ქმედებებს ჩვენ ვერ ვხედავთ.

თუ თვლის, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებები იყო არასწორი, დღესვე შეუძლია მისი გამოსწორება იმით, რომ მან, როგორც პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული და აბსურდული ბრალით გასამართლებული ნიკა გვარამია.

ასევე, თუ თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მესამე პრეზიდენტთან დაუბრკოლებელი კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდეს როგორც პირად ექიმს, ასევე უცხოელ ექიმებსა და ექსპერტებს, რადგან პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე არ მიადგეს იმის გამო, რომ ის ვერ იღებდა ადეკვატურ სამედიცინო სერვისს და რომ ვიღაცამ გადაწყვიტა მისი პოლიტიკური მიზნებისთვის მესამე პრეზიდენტის განადგურება უმჯობესია,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ უმრავლესობიდან დაუფიქრებელი და არასაჭირო განცხადებები ისმის. „ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა“, - აღნიშნავს პრეზიდენტი და დასძენს, რომ "რაღაცები არ ითქმის, რადგან ზრდილობის საკითხია". ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება, „რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო, არ იყო პოლიტიკურად დროული“. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, „თავისუფალ სტუდიასთან“ ინტერვიუში ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს, „ვინაიდან, სააკაშვილის შეწყალება ქვეყანაში პოლარიზაციას გააღრმავებს“. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი სამედიცინო ექსპერტები საჭიროდ ჩათვლიან, რომ საქართველოში სათანადო მკურნალობის მიღების შესაძლებლობა არ არსებობს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ამას შესაბამისად უპასუხოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს