დიმიტრი საძაგლიშვილი იზიარებს საია-ს პოზიციას, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელია

ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი იზიარებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პოზიციას, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელია.

როგორც საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რასაც გამოძიება ნიკა გვარამიას ედავება, დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გაკეთებული შეფასებით დასტურდება მათ შორის ჩვენი პოზიცია, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი და რომ იმ ქმედებებში, რასაც პროკურატურა ნიკა გვარამიას ედავება, დანაშაულის ნიშნები საერთოდ არ იკვეთება. ყველა ის საკითხი, რაც ჩვენი შეფასებით, კრიტიკის საგანი არის მოსამართლე ჩხიკვაძის ვითომდა დასაბუთებულ განაჩენში, ასახულია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაში. ვხედავთ, რომ ამ საქმის დაწყების მომენტიდან თითქმის არ არსებობს აქტორი, რომელსაც საქმის მასალებთან აქვს შეხება და არ ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ამ შემთხვევაში, პროკურატურას და სასამართლოს არ ვგულისხმობ, ისინი არა აქტორები, არამედ პოლიტიკური ხელისუფალის ნების აღმსრულებელი არიან",-განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, საიას შეფასებით, სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, რაც ბრალდებულთა მიმართ ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა, სასამართლო განაჩენში არ პასუხობს, რის გამოც საია-ში მიიჩნევენ, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია. ამასთანავე, მათი შეფასებით, სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული არაერთი მტკიცებულება იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო