რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო უმძიმესი ბრალდება „ქართული ოცნების" მიმართ, სხვათა შორის, არცთუ ისე დიპლომატიური ენით

ზურაბიშვილი ყველა თემას შეეხო, განსაკუთრებით მათ მთავარ იდეოლოგიურ საყრდენს, რომ თურმე ვიღაცები ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ ომის მომხრეები არიან, მთლიანად ჩამოუშალა „ქართულ ოცნებას" პროპაგანდისტული მანქანის მიერ განხორციელებული ზეწოლა მოქალაქეებზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

ამასთან, გოცირიძის განცხადებით, ზურაბიშვილის განცხადებებიდან ჩანს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება მომწიფებულია. გოცირიძე აღნიშნავს, რომ სჯობს დროულად მიიღოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება სააკაშვილს, დეპუტატის შეფასებით, ზურაბიშვილის განცხადება ნიშნავდა იმას, რომ მესამე პრეზიდენტის ციხეში წამება სირცხვილია.

„მიუხედავად იმისა, რომ განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს და შეწყალებასთან დაკავშირებით ასევე ამბობდა უგულავასთან, ოქრუაშვილთან, რურუასთან დაკავშირებით და ეს არ ნიშნავს, რომ ასე შეიძლება მოხდეს, ამასთან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მისი განცხადება ნიშნავდა, რომ ქვეყნის სირცხვილია პრეზიდენტის წამება და ფაქტობრივად, თანახმაა, ექიმების დასკვნის საფუძველზე გადაყვანილი იქნას უცხოეთში სამკურნალოდ.

რაც შეეხება გვარამიას, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი დაკავება მოხდა უდროო დროს, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას და მთავრობას შეუძლია მანიპულირება სასამართლო სისტემის, ამით ამხილა ხელისუფლების გავლენა სასამართლოზე. გვარამიას შეწყალებაზე მას არ უსაუბრია, თავი აარიდა, მაგრამ ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი ჩემი აზრით არის მომწიფებული და თუკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს სწრაფად, ეს უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. ნუ გააჯანჯლებს, ნუ გაიმეორებს იმას, როცა უგულავას და სხვათა შეწყალება მოუწია საგარეო ზეწოლის შედეგად, ნუ დაელოდება დიპლომატიურ და პოლიტიკურ ზეწოლას, გამოიჩინოს დამოუკიდებლობა"- განაცხადა გოცირიძემ.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლება ამხილა, რომ უკრაინას გვერდით არ უდგას, ხოლო დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმით უპასუხისმგებლობას და დანაშაულს სჩადის. მისი თქმით, პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინის დროშა ვერ დაკიდა 26 მაისს "ქართულმა ოცნებამ" და ძნელი სათქმელია ამაზე გასაგებად რა უნდა ეთქვა მას.

„ზურაბიშვილის განცხადება იყო უმძიმესი ბრალდება „ქართული ოცნების" მიმართ, სხვათა შორის, არცთუ ისე დიპლომატიური ენით. ყველა თემას შეეხო, განსაკუთრებით მათ მთავარ იდეოლოგიურ საყრდენს, რომ თურმე ვიღაცები ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ ომის მომხრეები არიან, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს არის აბსურდი და მთლიანად ჩამოუშალა "ქართულ ოცნებას" პროპაგანდისტული მანქანის მიერ განხორციელებული ზეწოლა მოქალაქეებზე. ფაქტობრივად, ამხილა იმაში, რომ არ უდგას ხელისუფლება უკრაინას გვერდით. ჯუჯა სახელმწიფო ლუქსემბურგი უსმენს ზელენსკის პარლამენტშიო და ამ პარლამენტში ჩაუკეტეს კარები და საშუალება არ მისცეს, უკრაინის პრეზიდენტისთვის მოგვესმინა. თავდასხმები მეგობარ სახელმწიფოებზე, ელჩებზე, ევროპარლამენტის და ამერიკის კონგრესის წევრებზე მაშინ, როცა ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ, ეს ნიშნავს უპასუხისმგებლობას მისი სიტყვებით, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს არის დანაშაული და კეთდება იმისათვის, რომ ივანიშვილმა პირადი ძალაუფლება და ფინანსები შეინარჩუნოს, ეს გავიგეთ ამ განცხადებიდან.

და ბოლოს, ჩვენ ვიცით მასზე სეზონური თავდასხმების შესახებ, ახლა საზაფხულო თავდასხმები დაიწყება. გაზაფხულ- ზაფხულ- შემოდგომა- ზამთრის თავდასხმებისას თავს იმართლებს და ჩერდება ქალბატონი სალომე. მხოლოდ სიტყვები არაა საკმარისი, საქმეა საჭირო, ახლა უნდა მოაყოლოს საქმე. როცა სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ „დროშა ვერ დაკიდენ“ - ქუთაისურად, ასე გამოდიოდა - ვუთხარი პარლამენტში, უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს დროშა გადმოკიდეთ და სიმბოლურად დაუჭირეთ მხარიო და დროშა ვერ გადმოკიდეს, ამისგან თავის შეკავება ნიშნავს იმას, რასაც ამბობენ ევროპაში და რაც განაცხადა ევროკავშირის ელჩმა ორი დღის წინ, რომ ევროპაში ეჭვი აქვთ ქვეყნის ორიენტაციის შესახებ. ორბიტას იცვლით, ევროპას გვცილდებით, რუსეთისკენ მიდიხართო, ამაზე გასაგებად რა უნდა გითხრას ევროკავშირის ელჩმა და რა უნდა თქვას საქართველოს პრეზიდენტმა, როცა აცხადებს, დროშა ვერ დაკიდეთო,"- განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, როგორც გოცირიძე აღნიშნავს, პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულებების წონა სხვა არის ოპოზიციასთან შედარებით.

„როგორც არ უნდა გააკრიტიკოს ოპოზიცია 1000- დან ერთის შეფარდებით ხელისუფლებასთან, ეს კრიტიკა მოსატანი არ არის იმასთან შედარებით რა კრიტიკის ქარიშხალიც დააყარა „ქართულ ოცნებას,"- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ უმრავლესობიდან დაუფიქრებელი და არასაჭირო განცხადებები ისმის. „ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა“, - აღნიშნავს პრეზიდენტი და დასძენს, რომ „რაღაცები არ ითქმის, რადგან ზრდილობის საკითხია“. ამასთან, როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა, ზელენსკი საქართველოს პარლამენტში უნდა მიეწვიათ. ზურაბიშვილმა მეორე ფრონტის თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არ ჰგონია, ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე. ოპოზიციასთან მიმართებით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „სარგებლობენ ხელისუფლების შეცდომებით და ბრიუსელში დადიან“, თუმცა, მთავარი პასუხისმგებლობა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლებას ეკისრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო