„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიმღებ პირთათვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაზრდის ინიციატივით გამოდიან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატები 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიმღებ პირთათვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაზრდის ინიციატივით გამოდიან.

გიორგი ვაშაძემ და პაატა მანჯგალაძემ კანონის პროექტი მოამზადეს, რომლის მიხედვით, 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს იმ წევრებისთვის, რომლებმაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირეს და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოაწერეს, სახელმწიფო კომპენსაციის გაზრდილი ოდენობა დგინდება და იგი მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის ნახევრით განისაზღვრება.

მოქმედი ნორმის მიხედვით, ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა პარლამენტის მოქმედი წევრის ხელფასის ერთ მესამედს შეადგენს. ამასთან, კანონში არსებული დათქმის გათვალისწინებით, კომპენსაციის ოდენობა, კანონით დადგენილი გამონაკლისის გარდა, 560 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

პარლამენტის რეგლამენტით, დეპუტატის გასამრჯელო, თუ ის პარლამენტის თანამდებობის პირი არ არის, 4 624 ლარს შეადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრთათვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა 1 752 ლარით გაიზრდება.

არსებული მონაცემების მიხედვით, 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობა, რომლებმაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 165 პირია.

“1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი გამორჩეული ეტაპია. აღნიშნული აქტის მიღებამ ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ოცნება რეალობად აქცია და ახალი დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას დაუდო საფუძველი. განსაკუთრებულ პატივისცემას და მათი ღვაწლის სათანადო დაფასებას იმსახურებს ხალხი, ვინც აღნიშნული აქტის მიღების მართლაც ისტორიული პროცესის სათავეში იდგა.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის ძალისხმევით განხორციელდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს იმ პირებს, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობითა და მიღებული გადაწყვეტილებით რეალობად აქციეს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში უზრუნველყვეს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა