ნიკოლოზ ხატიაშვილი - ევროპელი ლიდერები კარგად აცნობიერებენ, რომ რაც უკრაინაში ხდება, რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც მან საქართველოში 90-იან წლებში დაიწყო

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილი GLOBSEC-ის ბრატისლავას გლობალური უსაფრთხოების ფორუმს აფასებს.

მისი თქმით, მას, როგორც ფორუმის მონაწილეს შესაძლებლობა ჰქონდა, პირველი პირებისგან, ევროპის უსაფრთხოების მომავალთან და უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით გზავნილები მოესმინა.

„აშკარაა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ მთელი საერთაშორისო სისტემა თავდაყირა დააყენა და რიგი პრობლემები გამოიკვეთა, რომლებიც მყისიერ გადაწყვეტილებებს ითხოვენ. ევროპა ერთიანია, როგორც არასდროს უკრაინის ირგვლივ და იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება რუსეთის შეჩერება, უკრაინაში ომის შეწყვეტა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ევროპის მხრიდან მტკიცე ნაბიჯებს და ახალ მიდგომებს მოითხოვს, რომლებიც მომავალში აგრესორ რუსეთს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის განმეორების საშუალებას აღარ მისცემს. ევროპელი ლიდერები კარგად აცნობიერებენ, რომ რაც დღეს უკრაინაში ხდება, რუსეთის აგრესიული და იმპერიალისტური პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც მან საქართველოში 90-იან წლებში დაიწყო და 2008 წელს გააგრძელა, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით დასრულდა,“-განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილის აზრით, უკრაინაში მიმდინარე ომმა ცხადყო, რომ საქართველოს გარეშე ევროპის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ახალი წესრიგის ჩამოყალიბება შეუძლებელი იქნება.

„ერთ-ერთი მიმართულება რაშიც საქართველოს მნიშვნელოვანი როლი იკვეთება, გეოპოლიტიკური პოტენციალია, რომლითაც მას შეუძლია, აგრესორი რუსეთის გვერდის ავლით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის ენერგო რესურსების და საქონლის ახალი სატრანზიტო დერეფნების განვითარება, რაც ევროპის გრძელვადიან სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. ეს გზავნილები ევროპელი ლიდერებისგან სწორედ ფორუმის მსვლელობისას მოვისმინე. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ლოგიკური და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღოს და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მიანიჭოს. ფორუმზე გაჟღერებული გზავნილები და მასში მონაწილეთა განწყობები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რაც აგრესორი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, რომ ევროპა და მთლიანად ცივილური სამყარო საქართველოს გვერდით დგას. სწორედ საქართველოს უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების უალტერნატივო გარანტიაა ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობა“,-განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო