გია ხუხაშვილი - დღეს ხელისუფლება ეუბნება ევროკავშირს, რომ „მე ვარ ცუდი ბიჭი, მიმიღე ასეთი, როგორიც ვარ - ცუდი და თუ არ მიმიღებ, არ მიმიღებ, ნუ მიმიღებ“, ამ პრინციპით მოქმედებენ

დღეს ხელისუფლება ეუბნება ევროკავშირს, რომ „მე ვარ ცუდი ბიჭი, მიმიღე ასეთი, როგორიც ვარ - ცუდი და თუ არ მიმიღებ, არ მიმიღებ, ნუ მიმიღებ“. ამ პრინციპით მოქმედებენ ესენი, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომლითაც ის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვას გამოეხმაურა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება იქცევა ისეთი პრინციპით, რომ საერთოდ არ აქცევს ყურადღებას რას ითხოვს ევროკავშირი მისგან.

„ხელისუფლება ეუბნება ევროკავშირს, რომ მე ვარ ცუდი ბიჭი, მიმიღე ასეთი როგორიც ვარ, ცუდი, და თუ არ მიმიღებ, არ მიმიღებ, ნუ მიმიღებ. მე ახლა რეფორმები ვატარო, ინსტიტუციური ბალანსები შემოვიტანო, არ მინდა ამის გაკეთება, ვფიქრობ, რომ შენ უფრო გჭირდები, ვიდრე მე დღეს. ამიტომ ასეთ ცუდ ბიჭს თუ მიმიღებ, მიმიღე, არ მიმიღებ და ნუ მიმიღებ. ამ პრინციპით მოქმედებენ ესენი. დემონსტრირებას ახდენენ იმისა, რომ მათ ევროპული გზა, ფასეულობათა სისტემის გაგებით, მაინცდამაინც არ აინტერესებთ. ერთგვარად ორბანის (უნგრეთის პრემიერ-მინისტრი) კოდირებას ცდილობენ. თუმცა ორბანისგან განსხვავებით, რომელსაც თავი ქუდში აქვს და ევროკავშირშია, ესენი გზაზე არიან. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ დაარწმუნოს ოჯახი, რომელშიც ცხოვრება სურთ, სიგარეტს არ ეწევიან, მაგიდაზე არ ცეკვავენ, ეუბნებიან კი, ბატონო, სიგარეტსაც ვეწევით, მაგიდაზეც ვცეკვავთ, ასეთი მიმიღეთ, ასე იქცევიან. მე ახლა ვადებში, ამას არ დავაკავშირებდი, მაინცდამაინც ჩაშლა უნდათ და პროვოცირებას ახდენენ, ასეთები არიან! რაც შეეხება თემის შინაარსს, მათი ბუნებაა, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური ბულემია, რომ მაქსიმალურად მოჭიმოს ძალაუფლება თავის თავში იმ ჯგუფმა, რომელიც მართავს ქვეყანას. ანუ ბუზი არ უნდა დაფრინავდეს მათ გარეშე. არანაირი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, არანაირი ინსტიტუციური ბალანსი არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში. ისინი უნდა აკონტროლებდნენ პრეზიდენტს, სასამართლოს და ყველაფერს აბსოლუტურად. კანონზომიერია რაც ხდება, კითხვები არ უნდა გვებადებოდეს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას, ხუხაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ პრინციპი არის ძალაუფლების უზურპაცია.

„პრინციპი არის ის, რომ ძალაუფლების უზურპაცია არის ის ალგორითმი, რომლითაც მოქმედებს ხელისუფლება. პოლიტიკაში ასე ხდება, რაც უფრო მეტი გაქვს, კიდევ უფრო მეტი გინდა. თუ შენ არ გაქვს დამცავი წითელი ხაზები, კიდევ უფრო მეტი გინდა. ბულემიაა ერთგვარი, ვერ „ძღები“ ძალაუფლებით. დიდ სურათში მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლება, ერთი კაცი მოწადინებულია, რომ კიდევ უფრო მეტი კონტროლი ჰქონდეს, ვიდრე აქვს. თითქოს, რა უნდა ჰქონდეს ამაზე მეტი ხომ?! მაგრამ უნდა და რა ქნას. უნდა, ვერ გრძნობს, რომ უკვე გამაძღარია და მეტის ჭამა არ შეუძლია. თევზები რომ არიან ისე. საბოლოო ჯამში, თევზები ასე ასრულებენ, ჭამენ იმდენს, რამდენსაც ჩაუყრი, არ აქვთ სიმაძღრის შეგრძნება და თქვენც გინახავთ ალბათ, მუცელამოტრიალებული თევზები აკვარიუმში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართა.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს