გიორგი ხოჯევანიშვილი - მოვუწოდებ მმართველ გუნდს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა უზრუნველყონ ჩვენი მოქალაქეების, ემიგრანტების ხმების დაცვა და მათი ჩართულობა არჩევნებში

ემიგრანტების უმეტესობა არჩევნებში მონაწილეობას ვერ ახერხებს და აუცილებელია დაინერგოს ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ემიგრანტებს უნდა ჰქონდეთ მოტივაცია და უფრო მეტი ხელმისაწვდომობა ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებში იყვნენ ჩართული.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ძალიან დაბალია ემიგრანტების ჩართულობა არჩევნებში, არჩევნებში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედს წყვეტს. მოგიწოდებთ, სახელმწიფომ, მმართველმა გუნდმა გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ უზრუნველყონ ჩვენივე მოქალაქეების, ემიგრანტების ხმების დაცვა და მათი გარანტირებული ჩართულობა არჩევნებში.

ამისთვის საჭიროა ელექტრონული და ინტერნეტ სისტემის დანერგვა და, რა თქმა უნდა, ამას უნდა მიჰყვეს თანმდევი პროცესები, ისეთი როგორიც არის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის სპეცმიდგომების დანერგვა. რა თქმა უნდა, დღეს უნდა ითქვას, რომ ტექნოლოგიური საშუალებები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ამომრჩეველი დაცული იყოს წნეხისგან, ზედმეტი ჩარევისგან და მეორე მხრივ, აღნიშნული სისტემა საგრძნობლად შეამცირებს საარჩევნო ხარჯებს. ამისთვის რაიმე ქართული „ნოუ-ჰაუს“ გამოგონება არ არის საჭირო, არამედ ძალიან კარგი ევროპული პრაქტიკა არსებობს", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მისივე განცხადებით, რამდენიმე დღეში პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდი 3 ინიციატივის ინიცირებას მოახდენს, რომელიც ემიგრანტებისთვის არსებული პრობლემების მოგვარებას შეეხება.

"ჩვენს მოქალაქეებთან დაკავშირებით გარკვეულწილად დისკრიმინაციული მიდგომა გვაქვს, ვგულისხმობ იმას, რომ მთელ რიგ მომსახურებებისთვის, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს თავის მოქალაქეებს განსხვავებული საფასურია დადგენილი. ამის თვალსაჩინოებისთვის საკმარისია საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის ღირებულება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აღების შემთხვევაში 100 ლარით განისაზღვრება, უცხო ქვეყანაში კი განსხვავდება - ეს არის 130-140 დოლარი, რაც სამჯერ აღემატება იმ ღირებულებას რაც ქვეყნის შიგნით მცხოვრები მოქალაქეებისთვის არსებობს. ამიტომ, ვითხოვთ აღნიშნული საფასურის გათანაბრებას.

მეორე საკითხი ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უწევს ქვეყნიდან გასვლა და დაბრუნების შემთხვევაში მხოლოდ 15 000 ლარის ოდენობის ქონება არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახადისგან. მოგეხსენებათ, რომ ეს ზედა ზღვარი დადგენილია 1998 წელს, მას შემდეგ კი მთელი რიგი გარემოებებია შეცვლილი, ამიტომ რეალურ აღქმებს არის მოწყვეტილი ეს ციფრი და მოვითხოვთ ამ ციფრის მინიმუმ 30 000 ლარამდე აწევას.

ბოლოს, თანამემამულის სტატუსის მქონე ადამიანები, რომლთაც აქვთ ქართული წარმომავლობა, მაგრამ მათ უწევთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის გამო ვიზის აღება ქვეყანაში შემოსასვლელად, მათ ჰქონდეთ 30 დღეზე მეტი ვადა ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში გაჩერებისთვის და ეს ვადა განისაზღვროს თანამემამულის სტატუსის მქონე პერიოდამდე," - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო