ბექა ლილუაშვილი - რატომ გარბის საზოგადოების ყველაზე შრომისუნარიანი ნაწილი ქვეყნიდან თუ ქვეყანაში ეკონომიკა ასეთი მასშტაბებით იზრდება?

რატომ გარბის საზოგადოების ყველაზე შრომისუნარიანი ნაწილი ქვეყნიდან თუ ქვეყანაში ეკონომიკა ასეთი მასშტაბებით იზრდება? ამაზე პასუხი თქვენთვის მომინდვია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა პანდემიის შემდეგ ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის აღდგენითაა განპირობებული.

"გუშინ პრემიერმა ჩვენს ხალხს უთხრა, როგორი აღტაცებით უყურებდნენ შეხვედრებზე ჩვენი პარტნიორები, როდესაც საუბრობდა "მდუღარე" ეკონომიკურ ზრდაზე საქართველოში, როგორი უპრეცედენტო ეკონომიკური ვითარებაა ქვეყანაში. მე მინდა ტრადიციულად რამდენიმე ციფრის მნიშვნელობაზე ვისაუბრო ამ განცხადების ფონზე:

99,974 ათასი ადამიანი, მათ შორის 85 ათასზე მეტი 15-დან 50 წლამდე ადამიანმა დატოვა ქვეყანა გასული წლის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი მეტი იქნება მიმდინარე წელს. სპეკულაციის სივრცე, რომ არ დარჩეს 2012 წლის შემდეგ ყველაზე დიდი სალდო იყო გასულ წელს. რატომ გარბიან ადამიანები, საზოგადოების ყველაზე შრომისუნარიანი ნაწილი ქვეყნიდან, თუ ქვეყანაში ეკონომიკა ასეთი მასშტაბებით იზრდება? ამაზე პასუხი თქვენთვის მომინდვია.

20.6% ეს არის უმუშევრობის მაჩვენებელი 2021 წელს, რომელიც იყო 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი; აქედან, 20%-დან 15%-ზე მეტი, სწორედ იმ ასაკის ადამიანები არიან ანუ 15-50 წლამდე. შესაბამისად ნათელია რატომ გარბიან ამ ასაკის და ამ კატეგორიის ადამიანები ქვეყნიდან - იმიტომ, რომ აქ ვეღარ პოულობენ სამსახურს, ანაზღაურებას, პერსპექტივას და ტოვებენ ქვეყანას.

სიღარიბის მაჩვენებლებზე იყო გუშინ ასევე აქცენტი, რომ როგორ შემცირდა ისტორიულად, მაგრამ ამ დარბაზში უმრავლესობის მხრიდან რამდენიმე ეკონომისტია წარმოდგენილი და იქნებ ცოტა ღრმად შევხედოთ ამ საკითხებს და ვნახავთ, რომ სიღარიბის შემცირების მთავარი წინაპირობები ის კი არ იყო, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნა და მოსახლეობა დასაქმდა, არსებითად - არა.

მთავარი წინაპირობა იყო პირდაპირ ის დახმარებები, რომლის გაცემა მოხდა 2020 წელს კოვიდის გამო და გაგრძელდა ნაწილობრივ 2021 წლის დასაწყისშიც.

ეს პირდაპირ ჩანს ოჯახების შემოსავლების სტრუქტურაში, ანუ ოფიციალურ სტატისტიკაში, ბევრი ძებნა არ სჭირდება.

აღარ ვსაუბრობ ფასების ზრდაზე, გუშინ ასევე აღინიშნა, რომ თურმე საშუალო ხელფასის ზრდა 15%-ია და ამით თითქოს აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ეს მეტია ვიდრე ფასების ზრდა და ვითომ ამით ხალხის მაცივარში პროდუქტების რაოდენობამ განცხადების მერე მოიმატა. ამ ქვეყანაში, მხოლოდ მაღალი რანგის, კორპორატიული მენეჯერების და სახელმწიფო მაღალი რანგის თანამდებობის პირების ხელფასია 1000 ლარზე მეტი, ყველა დანარჩენი პერსონალის ხელფასი ამაზე ნაკლებია, მათ შორის დასაქმებულთა უმრავლესობის ხელფასი 600 ლარია. ამიტომ აქაც არასწორი ინფორმაცია არ უნდა მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას. რომ შევაჯამო, ძალიან კარგია სტატისტიკურად ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რომ ფიქსირდება და იცით, რომ ეს ძირითადად განპირობებულია - ექსპორტის გზით, ფულადი გზავნილებით და ტურიზმის აღდგენით. უბრალოდ მე მაინტერესებს იქნებ დაასახელოთ ერთი ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა ბოლო პერიოდში, რომელმაც ხელი შეუწყო აი ამ ზრდას", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, ეკონომიკის აღდგენა კოვიდპანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოყვა და ამაში მთავრობის წვლილი არ არის.

"ეს არის უბრალოდ აღდგენა ეკონომიკის, რაც მოყვა კოვიდპანდემიის მასშტაბების შემცირებას. ამაში მთავრობის წვლილი და როლი არის მინიმალური. ახლა, აუცილებლად მინდა შევეხო გამოსავალს და მე არაერთხელ ჩამომითვლია გამოსავლები აქ ამ მიმართულებით. არაერთი ინიციატივა წარგვიდგენია ჩვენ და თქვენ მხარი არ დაგიჭერიათ, მაგრამ არა თუ გამოსავალი, არამედ ზოგიერთი თქვენი ნაბიჯი აზიანებს ამ პროცესს", - განაცხადა ლილუაშვილმა.

ბექა ლილუაშვილი საზღვაო კოდექსში შესულ ცვლილებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ცვლილების შემდეგ უმსხვილეს ინვესტორს, ლოჯისტიკურ კომპანიას „ფოთის პორტს" შეექმნა პრობლემები და ეს აუცილებლად აისახება ქვეყანაზე, მათ შორის ეკონომიკაზე.

"მაგალითად, მიმდინარე წლის მაისში შევიდა ცვლილებები საზღვაო კოდექსში, რის საფუძველზეც ქვეყანაში უმსხვილეს ინვესტორს ლოჯისტიკურ კომპანიას „ფოთის პორტს" შეექმნა რეალურად პრობლემები და დაზიანდა მისი ინტერესები მნიშვნელოვნად. მე ამას ვუყურებ, როგორც კიდევ ერთ გადადგმულ ნაბიჯს, რომელმაც დააზიანა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი და მიმზიდველობა და ეს აუცილებლად აისახება ჩვენს ქვეყანაზე, მათ შორის ეკონომიკაზე, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთი საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა, რომელიც იწყება საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც საქართველო წააგებს და ეს ფული და ფინანსური რესურსი, რომელიც ამ დავის შედეგად გადასახდელი ექნება ქვეყანას "ქართული ოცნების" ჯიბეებიდან კი არ მიდის, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანუ თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასახადებიდან", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო