DRI -  „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები ძალადობის პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების სახიფათო პრეცედენტს ქმნის

ძალადობის დაუშვებლობაზე ხაზგასმის ნაცვლად, არჩილ თალაკვაძემ და ირაკლი კობახიძემ პოლიტიკოსებზე ძალადობის წამახალისებელი განცხადებები გააკეთეს, - ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები ძალადობის პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების სახიფათო პრეცედენტს ქმნის.

„საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს დავით ბერძენიშვილს და საქართველოს პარლამენტის წევრს ხათუნა სამნიძეს რუსთაველის გამზირზე თავს ორი პირი დაესხა. შსს-მ გამოძიება დავით ბერძენიშვილის ეპიზოდში ძალადობის (სსკ-ის 126-ე), ხოლო ხათუნა სამნიძის ნაწილში მუქარის (სსკ-ის 151-ე) მუხლებით დაიწყო. იმავე დღეს პოლიტიკოსები დაზარალებულებად ცნეს. 2022 წლის 7 ივნისს, დავით ბერძენიშვილმა ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლით სასამართლო სამედიცინო შემოწმება გაიარა.

ძალადობის დაუშვებლობაზე ხაზგასმის ნაცვლად, 2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკოსებზე ძალადობის წამახალისებელი განცხადებები გააკეთეს. მათი რიტორიკა, რომელიც დაზარალებულებზე ძალადობის გაკიცხვის ნაცვლად, ოპოზიციონერებისგან მტრის ხატს ქმნის, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ფიზიკური დევნის საფრთხეს შეიცავს. გარდა ამისა, პოლიტიკური თანამდებობის პირების მსგავსი განცხადებები ძალადობის პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების სახიფათო პრეცედენტს ქმნის.

დაზარალებულების სამართლებრივ ინტერესებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იცავს. DRI-ს პოზიციით, საქართველოს პროკურატურამ უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის ჩადენის მოტივი. დაზარალებულები წარმოადგენენ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას და მხარს უჭერენ როგორც უმცირესობების უფლებების დაცვას, ისე ევროინტეგრაციის პროცესს. დანაშაულის ჩადენისას, თავდამსხმელები აგრესიას სწორედ მათი საქმიანობის და საჯაროდ გაცხადებული პოზიციების მიმართ გამოხატავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის თავდამსხმელი პირების ვინაობები ცნობილია, მათთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა