არჩილ თალაკვაძე - ომბუდსმენს ყველაზე მეტად მოეთხოვება სამართლიანი განცხადებები გააკეთოს - გვარამია არის ჟურნალისტიკას ამოფარებული “ნაცმოძრაობის” დამნაშავე ლიდერი

ომბუდსმენს ყველაზე მეტად მოეთხოვება დაბალანსებული და სამართლიანი განცხადებები გააკეთოს - გვარამია არის არა თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე ლიდერი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმის გარდა, რაზეც გვარამიას განაჩენი აქვს გამოტანილი, მას ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა მძიმე დანაშაულებზე.

„სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ასეთი მიდგომები არსებობს, მითუმეტეს ომბუდსმენს ალბათ, ყველაზე მეტად მოეთხოვება დაბალანსებული და სამართლიანი განცხადებები გააკეთოს თავის მანდატის ფარგლებში. რა თქმა უნდა, მას უფლება აქვს რეკომენდაციით მიმართოს პრეზიდენტს, მაგრამ ჩვენ უნდა ვნახოთ რასთან გვაქვს საქმე და საქმე გვაქვს იმასთან, რომ არსებობს გამოძიებით დადასტურებული ფაქტები. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ არაერთი მხრიდან მცდელობას, რომ გვარამია, რომელიც გახლდათ პოლიტიკური ფუნქციონერი, რომელსაც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს დანაშაულებზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, რომელიც პროკურორის პოზიციაზე მუშაობისას პირდაპირ ამართლებდა რეიდებს ტელევიზიებში. სინამდვილეში ის არა თავისუფალი ჟურნალისტი, თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე ლიდერი გახლავთ. ეს გადაწყვიტა სასამართლომ, სადაც მას ჰქონდა საშუალება საკუთარი არგუმენტები წარმოედგინა,” - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს. ომბუდსმენის ოფისი ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს მსჯელობა როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით დაუსაბუთებელია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს