დავით უსუფაშვილი - ავტორიტეტს პარლამენტი ვერასდროს მოიპოვებს, თუ აქ მყოფი ადამიანები ერთმანეთისკენ არა ხელებგაწვდილი, არამედ მუშტმოღერებულები მივდივართ

პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, პირველ რიგში, სჭირდება ავტორიტეტი. ამ ავტორიტეტს პარლამენტი ვერასდროს მოიპოვებს, თუ პარლამენტში მყოფი ადამიანები ხელგაწვდილები არ მივდივართ ერთმანეთისკენ. თუ მუშტმოღერებულები მივდივართ, მუდმივად, ხან სიტყვით და ხან რეალურად მუშტით, მაშინ ავტორიტეტს ეს პარლამენტი ვერ დაიმკვიდრებს , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც პარლამენტი თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენს.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, შალვა პაპუაშვილის ანგარიში ცოტა უხერხულ სიტუაციაში შეიქმნა, რადგან გასულ წელს პარლამენტმა „ორი თავმჯდომარე დაკარგა“.

„ცოტა არ იყოს უცნაურია, როცა კოლეგიური ორგანო თავისივე საქმიანობის ანგარიშს ისმენს, ანუ პარალმენტი ისმენს პარლამენტის საქმიანობის ანგარიშს. ჩვენ გვაქვს პრაქტიკა, როცა კომიტეტები გამოდიან და თავიანთი საქმიანობის ანგარიშს მოგვახსენებენ, ეს საინტერესოა იმ ხალხისთვის, ვინც იმ კომიტეტებში არ ვართ. მეორე მხრივ, დღეს როდესაც მომეცა საშუალება და წავიკითხე წერილობითი ანგარიში, მივხვდი, რომ ასეთი დოკუმენტი უნდა მზადდებოდეს ხოლმე. პარლამენტმა, როგორც ერთიანმა ინსტიტუტმა, თავისი გაკეთებული თუ ვერ გაკეთებული, თუ ვერ მიღწეულიც უნდა ასახოს ამ დოკუმენტში და არ დაემსგავსოს ეს ანგარიშები უმრავლესობის ანგარიშს, რომელიც, ბუნებრივია, ყველა პერიოდში, ახლაც ასეა და ზეგაც ასე იქნება, ლაპარაკობს თავის მიღწევებზე, რომ მას ხელისუფლება აქვს ხელში, პასუხისმგებლობა აქვს ამაზე და ამდენი კანონი მივიღეთ, ე.ი კარგია. იქნებ ორჯერ მეტი უნდა მიგვეღო და ამიტომ ცუდია?! .

ისიც მესმის, რომ კონკრეტულად ეს ანგარიში ცოტა უხერხულ ვითარებაში შეიქმნა, როდესაც ახალი თავმჯდომარე გახდა თუ არა თავმჯდომარე, რეგლამენტი ეუბნებოდა, რომ საგაზაფხულო სესიის პირველსავე კვირაში უნდა მომხდარიყო ეს პროცესი. გასაგებია, რომ იყო ობიექტური პრობლემები, წინა წელს ორი თავმჯდომარე გვყავდა ჩვენ. 2021 წელს ამ პარლამენტმა ორი თავმჯდომარე დაკარგა, ასე ვიტყოდი. ამის არ თქმა და რეგლამენტის მშრალ ჩანაწერს ამოფარება, რომ კი პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია ახსნა -განმარტების გარეშე დატოვოს თანამდებობა. ამ წუთში შალვა პაპუაშვილს შეუძლია ადგეს და თქვას, რომ ვტოვებ თანამდებობას, კანონი მას არ ავალდებულებს ახსნას, მაგრამ გვაქვს თუ არა სხვა ვალდებულებები ერთმანეთთან, ამომრჩეველთან და ხალხთან?! ერთი თავმჯდომარე შარლ მიშელის შეთანხმების დასრულებისთავანვე, როცა მისი იმპლემენტაციის საკითხებზე გაცხოველებულ საუბრებში იყო ჩართული, უცებ, მეორე დღეს ამბობს, რომ წავედი. მეორე თავმჯდომარე, მე და კიდევ ერთ ყოფილ თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეგხვდა, ვისაუბრეთ რაღაც საკითხებზე, შევთანხმდით ცოტა ხანში შეხვედრაზე და მერე მედიიდან გავიგეთ, რომ წავიდა და საერთოდ პარლამენტიდანაც წავიდა. როცა ვამბობთ, რომ მშვიდად და კარგადაა, მეც კი ვიცი რომ კარგადაა, ისიც ვიცი, რომ ეს კაცი არ დაიკარგება და სერიოზულ საქმეს მოკიდებს ხელს, იმიტომ, რომ პარლამენტამდეც სერიოზული კაცი იყო და სერიოზული საქმეები ჰქონდა. ამაში არაა საქმე, მაგრამ რას ვეუბნებით ქართველ ხალხს? პარლამენტის თავმჯდომარე რაღაცა ისეთი სერიოზული პროექტისთვის ემზადება, როემლსაც ვერც კი ვეუბნებით ხალხს ამიტომ აქედან, პარლამენტიდანაც კი წავიდა?! პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, პირველ რიგში, სჭირდება ავტორიტეტი, ამ ავტორიტეტს პარლამენტი ვერასდროს ვერ მოიპოვებს, თუ პარლამენტში მყოფი ადამიანები ხელგაწვდილები არ მივდივართ ერთმანეთისკენ. თუ მუშტმოღერებულები მივდივართ, მუდმივად, ხან სიტყვით და ხან რეალურად მუშტით, მაშინ ავტორიტეტს ეს პარლამენტი ვერ დაიმკვიდრებს. დღესაც აქ სიტყვების ჩამონათვალი, რომელიც ისმოდა ე.წ. კითხვების დროს, აქაც ხომ საპარლამენტო განათლება გვინდა, რა არის სამშაბათობით გამოსვლები, როცა რაზეც გინდა იმაზე ილაპარაკებ და რა არის კითხვა, რომელიც იმ საკითხზე უნდა იყოს და უნდა დასვა. რაღაც ეს ფრაზეოლოგია, რომ შეუმდგარი ვიღაცა ხარ, ასეთი ხარ, ისეთი ხარ, ამაზე ყურადღების მიქცევა ვისი ვალია? სულ მეუხეხულება ამ თემებზე საუბარი, მესამე კლასში რომ გაკვეთილს ვატარებდი, იქაც მეუხრეხულებოდა. არის რაღაცები, რომელიც არც მესამე კლასში ისწავლება და არც პარლამენტში, მაგრამ არის რაღაცები, რომელიც პარლამენტიდან ფუჭდება, გადაედინება ჩვენს საზოგადოებაში და მერე ძალიან ძვირი გვიჯდება, ერთად საქმის კეთება შეუძლებელი ხდება - ხოლმე.

რა არის ამისთანა დაუძლეველი ბარიერი, ზნეობრივი წინააღმდეგობა, ფიცი თუ ფიცვერცხლია დადებული, რომ თუ რომელიღაც ერთი ცალი კანონი, ოპოზიციის მიერ ინიცირებული, იყოს ღიად მხარდაჭერილი?! კანონები, რომელიც კომიტეტებშია გაჭედილი, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პრობლემა, სპიკერატის და ბიუროსი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა