პრემიერი - დღეს საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში, რაც გადამწყვეტ გზავნილს აწვდის ყველას, რომ ჩვენ არ ვართ მარტო

დღეს საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში, ეს ერთობა გადამწყვეტ გზავნილს აწვდის ყველას, რომ ჩვენ არ ვართ მარტო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში, დედოფალ ელისაბედ II-ის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ პარტნიორობაზე.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება არის ქართველი ხალხის არჩევანი და ათწლეულების განმავლობაში რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად წარმოებული ბრძოლა.

„ქართველი ხალხის სახელით, მაქვს პატივი, მის უდიდებულესობას, მთელ ბრიტანელ ხალხს და თანამეგობრობის წევრებს მივულოცო და ყველა თქვენგანს ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა გისურვოთ.

საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა განავითარეს, რომელიც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კავშირების შენების პროცესში იზრდებოდა. გაერთიანებული სამეფო ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელიც ჩვენს ხალხს აღაფრთოვანებდა თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით. თქვენი ქვეყანა წარმოადგენს სრულყოფილ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ტრადიციები და კულტურა აძლიერებდეს თანამედროვე სახელმწიფოებრიობას, რომელიც ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს თითოეული ინდივიდისთვის.

ასეთ განსაკუთრებულ დღეს მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი დიდი ხნის წინ დამკვიდრებული მეგობრობა გაგრძელდა მშვიდობისა და განსაცდელის პერიოდშიც და ასახვა ჰპოვა დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორობაში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგთან“ ერთად ის ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფორმატია, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ხსნის ყველა სექტორში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის. ის ფაქტი, რომ „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ბოლო წლების განმავლობაში გარდაიქმნა თანამშრომლობის მთავარ პლატფორმად, არა მხოლოდ სიმბოლოა იმისა, თუ როგორ იდგამდა ფესვებს ჩვენი პარტნიორობა ჩვენსავე კულტურაში, არამედ ჩვენს საერთო ღირებულებებსა და იდეალებზე დაშენებულ სამომავლო მიზნებსაც ეხმიანება. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება არის ჩვენი ხალხის არჩევანი და ათწლეულების განმავლობაში ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად წარმოებული ბრძოლა.

ჩვენი პარტნიორების მადლობელი ვართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე, როგორც ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება დემოკრატიზაციისა და რეფორმების კვალდაკვალ.

დღეს საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში. ეს ერთობა გადამწყვეტ გზავნილს აწვდის ყველას - გზავნილს, რომ ჩვენ არ ვართ მარტო. ამ მნიშვნელოვან მომენტში, ვიდრე ჩვენი ევროპელი პარტნიორების პასუხებს ველოდებით, ჩვენი ერთიანობა აუცილებელია რეგიონში მეტი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას და მოგილოცოთ მისი უდიდებულესობის პლატინის იუბილე!“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა