ირაკლი კობახიძე - პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოწოდების ფონზე, ევროპარლამენტის რეზოლუცია  ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოწოდების ფონზე ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძემ 2012 წლამდე და მის შემდეგ არსებული მედია გარემო, ასევე სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემები შეადარა და აღნიშნა, რომ ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა.

„რამდენიმე მცირე შედარება - როგორც უკვე აღვნიშნეთ, სააკაშვილისა და გვარამიას დროს მედია ყაჩაღური ფორმით სრულად იქნა მონოპოლიზებული ხელისუფლების მიერ, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ახალი ტელევიზიის დაფუძნება. 2012 წლიდან, საქართველოში ჩამოყალიბდა პლურალისტური მედიაგარემო. მოქმედებს 14 ეროვნული ტელემაუწყებელი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილი 3 ტელევიზია, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2004-12 წლებში ხალხისთვის წართმეული, ნაძარცვი ფულით ფინანსდება. ფუნქციონირებს ათეულობით სხვა, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზია თუ უამრავი დამოუკიდებელი მედიასაშუალება. ახალი ტელევიზიის დაფუძნება, პრაქტიკულად, რამდენიმე დღეში არის შესაძლებელი. აღარავინ იჭრება ტელევიზიებში და ჟურნალისტებს აქვთ მოვლენების გაშუქების სრული თავისუფლება. ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა; 2012 წლამდე საქართველოს ციხეებში 25 ათასი პატიმარი იყო და წელიწადში საშუალოდ 150 პატიმარი იღუპებოდა. 2012 წლიდან, პატიმრების რაოდენობა ორნახევარჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 12-ჯერ შემცირდა, რაც სააკაშვილის რეჟიმის მიერ დამკვიდრებული წამების, გაუპატიურებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის აღკვეთის შედეგია. ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა; 2012 წლამდე, სასამართლო სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ერთ-ერთ უმთავრეს რეპრესიულ ინსტრუმენტად იყო ქცეული. 2012 წლიდან, სასამართლო სისტემაში პირველივე წლებში 6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, 3-ჯერ შემცირდა წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების, ხოლო 2-ჯერ – საგამოძიებო მოქმედებებზე ბრალდების შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი. 5-ჯერ შემცირდა შეფარდებული ჯარიმის, ხოლო 18-ჯერ – გირაოს თანხის საერთო ოდენობა. პირველივე წლებში, 11-ჯერ შემცირდა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. მხოლოდ ეს სტატისტიკაც საკმარისია იმის მტკიცებულებად, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ მდგომარეობა არა მხოლოდ რადიკალურად გაუმჯობესდა, არამედ სააკაშვილისა და ადეიშვილის სასამართლოს ყველა სისტემური პრობლემა აღმოიფხვრა. ეს არის მიღწევები, რომლებიც საქართველოს და ქართულ დემოკრატიას ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა; სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების დიდი ნაწილი რუსეთს გადასცა. საქართველოში რუსეთის ექსპანსიის პროცესი მხოლოდ 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის მიერ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ შეჩერდა. ესეც არის ფუნდამენტური მიღწევა, რომელიც საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მოუტანა; სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ განახლდა საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სტრუქტურებში: ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შეიქმნა ნატოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, განხორციელდა უამრავი რეფორმა, რომელთა წყალობითაც დღეს საქართველო წინ უსწრებს უკრაინას, მოლდოვას და ევროკავშირის წევრ თუ წევრობის კანდიდატ არაერთ ქვეყანასაც კი დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, ევროკავშირთან ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით.

ეს არის იმ მიღწევების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკაში ჩართულობას ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე ედავება, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, გაუგებარია, რას ედავებიან მას ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს საქართველოს კეთილმოსურნეებს უწოდებენ. ფაქტია და სინამდვილეში მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველომ 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით მხოლოდ პროგრესი, თანაც ფუნდამენტური პროგრესი განიცადა. ერთადერთი, რასაც ივანიშვილს საქართველოს „კეთილმოსურნე“ შეიძლება ედავებოდეს, ის შეიძლება იყოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ამით საკუთარი ქვეყანა და ხალხი არ დასაჯა. საქართველოს „კეთილმოსურნეებს“, ალბათ, აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ მთელ მსოფლიოში არსებული უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საქართველოში შარშანაც და მიმდინარე წლის იანვარ-აპრილშიც 10 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო