სერგი კაპანაძე - გვარამიას დაჭერის შემდეგ „ტრიოს“ დაშორების საფრთხე გაჩნდა და ევროპარლამენტმა დღეს ეს ჩააცემენტა - თუ ჩვენ ჩავეხსენით უკრაინასა და მოლდოვას, ეს ძალიან მძიმე განაჩენია ქვეყნის მომავლისთვის

დამოკიდებულება, რომელსაც ახლა აჟღერებს კობახიძე და „ქართული ოცნება“, რომ ევროპარლამენტის მიღებულ დოკუმენტს აქვს ჩალის ფასი, არაადეკვატურობის მწვერვალია , - ამის შესახებ ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

სერგი კაპანაძის განცხადებით, ეს არა ერთი რომელიმე ძალის მიერ მიღებული დოკუმენტია, არამედ ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ ინიცირებული.

„ეს დამოკიდებულება, რომელსაც ახლა აჟღერებს კობახიძე და „ქართული ოცნება“, რომ ამ დოკუმენტს აქვს ჩალის ფასი, არის არაადეკვატურობის მწვერვალი. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული რაღაც დოკუმენტი ან განცხადება, ეს არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი. ამაზე ილაპარაკო, რომ ყველა ადამიანი არის მოტყუებული, ყველა შეიყვანეს შეცდომაში, ყველას დააჯერეს რაღაც არასწორად, არც კი ვიცი ამას როგორ ვუპასუხო. ეს თუ ასეა, მთავრობა რას აკეთებს მაშინ? ასეთი რეზოლუცია როგორ უნდა გავიდეს, თუ შენ მართალი ხარ მართლა არ მესმის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძემ გადაცემაში ასევე აღნიშნა, რომ ადრე მიღებული რეზოლუციებისგან განსხვავებით, სადაც გარკვეულ პროგრესზეც იყო ხოლმე საუბარი, დღეს მიღებული რეზოლუციის ყველა მუხლი კრიტიკულია.

„ადრე ყოფილა რეზოლუციები, სადაც წერია პროგრესიც, კრიტიკაც და მერე ვისაც, რა უნდა ის შეუძლია ამოარჩიოს, მაგრამ ეს არის რეზოლუცია, რომელშიც ყველაფერი არის კრიტიკული. ამ დონემდე რომ ქვეყანა მიიყვანო, რომ ევროპარლამენტარები ასეთ მნიშვნელოვან დროს დასხდნენ და რეზოლუცია მიიღონ, სადაც უკლებლივ ყველა მუხლი იყოს კრიტიკული, ამას უნდა მართლაც მონდომება მთავრობის მხრიდან, რომ ასეთ დღეში ჩააგდო პარტნიორები“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის შეფასებით, ევროპარლამენტმა ასოცირების ტრიოს დიფერენციაცია მოახდინა და უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ერთ კონტექსტში აღარ განიხილავენ.

„ევროპარლამენტმა თავის დონეზე გადაწყვიტა, რომ მოახდინოს დიფერენციაცია, ერთის მხრივ უკრაინას და მოლდოვას და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის და ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის. ნიშნები ჩანდა აქამდეც და განსაკუთრებით გვარამიას დაჭერის შემდეგ გაჩნდა ტრიოს დაშორების საფრთხე და ევროპარლამენტმა დღეს ეს ჩააცემენტა. ჩვენს რეზოლუციაში კი არა, ე.წ. პრეზიდენტების კონფერენციის განცხადებაში, ევროპარლამენტში არსებული, ყველა პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი მიმართავს ევროპულ საბჭოს და ეუბნება მათ, რომ 23-24 ივნისს ევროპული საბჭოს სხდომაზე გაითვალისწინეთო, რომ უკრაინას და მოლდოვას მისცეთ კანდიდატის სტატუსი და საქართველოსთან დაკავშირებით დაიწყოთ კანდიდატის სტატუსზე მუშაობა, რაც ცალსახა დიფერენციაციაა. მე მაინც იმედი მაქვს და მინდა, რომ ჩვენც მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მაგრამ რეალისტებიც ხომ უნდა ვიყოთ, ამ ჩანაწერის მერე და ამ განცხადებების მერე მგონია, რომ ძალიან ნაკლები შანსია, რომ ეს ასე მოხდეს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, „თუ უკრაინა და მოლდოვა წინა პლანზე გადავიდნენ და ჩვენ ჩავეხსენით მათ, ეს არის ძალიან მძიმე განაჩენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მომავლისთვის“.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს