ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ბოლო წელიწადნახევარში ჩადენილი უმსგავსობების შედეგი, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, ევროპარლამენტის შეფასება სამწუხარო და დამაზიანებელია, რაზეც პასუხისმგებლობა მმართელ გუნდს ეკისრება.
„რაც შეეხება ევროპარლამენტის შეფასებას, მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან სამწუხაროა და მართლაც დამაზიანებელია, როდესაც ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში მოხდა ამ რეზოლუციის მიღება, მაგრამ ამაში სრული პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება „ქართულ ოცნებას“, მის დამფუძნებლებს, ლიდერებს, რომლებიც ყოველდღიურად იღვწოდნენ იმისათვის, რომ საბოლოოდ დამდგარიყო ეს შედეგი. ეს არის ბოლო წელიწადნახევარში ჩადენილი უმსგავსობების შედეგი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
როგორც ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, უკვე მთელი ევროპისთვის ნათელი გახდა, თუ ვინაა საქართველოში დღეს ხელისუფლებაში, რადგან „ქართული ოცნების“ ქმედებებმა „გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს გადააბიჯა“.
„ჩვენ გვაქვს სახეზე სამწუხარო რეალობა, როდესაც უკვე მთელი ევროპისთვის ნათელი გახდა თუ საქართველოში დღეს ვინაა ხელისუფლებაში, მიუხედავად ყველა მცდელობისა „ქართული ოცნების“ მხრიდან პირველ რიგში საკუთარი თანამოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა. ვგულისხმობ „ქართული ოცნების“ ლიდერების სამარცხვინო განცხადებებს, ამან ყველაფერმა საბოლოო ჯამში დააყენა ეს შედეგი, რომელიც ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით. ივანიშვილის ჩრდილში გასვლის მიზანი იყო, რომ ის პასუხისმგებლობას გაექცა, ფიქრობდა, რომ პასუხისმგებლობიდან თავს დააღწევდა.
როგორც ჩანს დაგროვდა ეს მავნებლობები, რომელიც ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“. ბევრი რამ მოახერხეს წელიწად ნახევრის განმავლობაში, იმდენი მავნებლობა განხორციელდა, რომ უკვე გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს გადააბიჯა ამ ყველაფერმა და სამწუხაროდ ასეთ უმნიშვნელოვანეს მომენტში მივიღეთ ეს შედეგი. სამწუხაროდ ქვეყნისთვის. ამაში ბრალი მიუძღვით „ქართული ოცნების“ ლიდერებს, იმ ადამიანებს, ვინც ამ წელიწადნახევარში ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ დაენგრიათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტმა პირდაპირ თავის რეზოლუციაში შეიტანა რეკომენდაცია ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ, რაც „სწორედ კობახიძის და მისი თანამოძმეების დამსახურებაა“.
„ჩვენთვის მთავარია ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, ჩვენი ხალხის ინტერესები. გუშინვე თქვით, რომ ახლა კარგი იქნება თუკი პრეზიდენტი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ შეწყალების ინსტრუმენტს იმისათვის, რომ პოზიტიური სიგნალი წავიდეს ჩვენი ქვეყნიდან, ეს მაინც გაკეთდეს იმიტომ, რომ „ქართული ოცნების" მხრიდან რაიმე პოზიტიურ ნაბიჯს არ ველოდები სამწუხაროდ. მიუხედავად ჩვენი მუდმივად მოწოდებისა, პასუხად ვიღებთ ლანძღვას, ათასგვარ ინსინუაციებს, რაც პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებს უარყოფით რეაქციას „ქართული ოცნების" მიმართ და ეს არ ესმით ამ ადამიანებს, ჰგონიათ, რომ კარგ სამსახურს უწევენ ივანიშვილს, თუკი გალანძღავენ ევროპარლამენტარებს და ამით მიაღწიეს იმას, რომ ევროპარლამენტმა პირდაპირ თავის რეზოლუციაში ჩადო რეკომენდაცია ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ. ეს არის სწორედ კობახიძის და მისი თანამოძმეების დამსახურება, მათ მიიყვანეს ვითარება აქამდე თავიანთი უპასუხისმგებლო, დესტრუქციული, აგრესიული განცხადებებით და იმის ნაცვლად, რომ გონს მოეგონ და ახლა მაინც გაითავისონ, რომ მათი შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის გამიზნული ურცხვი ტყუილები, რომელსაც ისინი ყოველ ორშაბათს კვირის დასაწყისში ავრცელებენ, ამ ტყუილების ნაცვლად პასუხისმგებლიანად მოეკიდონ იმ ვალდებულებას, რომელიც ეკისრება ხელისუფლებას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თამაშობს ძლიერი ძალის როლს, რომელსაც დასავლური სამყაროს დაიგნორება შეუძლია.
„ისინი ახლა თამაშობენ ძლიერი ძალის როლს, რომელსაც შეუძლია იგნორირება მოახდინოს დასავლური სამყაროსი, ეს არის განკუთვნილი მათი მხარდამჭერების რადიკალური ფრთისთვის. „ქართული ოცნება“ გადაიქცა რადიკალურ აგრესიულ ძალად, ანტიდასავლურ, ანტიევროპულ ძალად, რომელიც, ნერგავს იდეას, რომ ვერავინ ვერ ჩაერევა ჩვენს საქმეში, ვისი რა საქმეა, მე როგორი სასამართლო მაქვს? მე ვაფასებ როგორც ობიექტურს და არ მაინტერესებს ვინ როგორ აფასებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.