ალუდა ღუდუშაური - ამორალურია, როცა გეუბნებიან, რომ დემოკრატიის და მედიის მაღალი სტანდარტი ყოფილა სააკაშვილი-გვარამიას სტანდარტი

ამორალურია, როცა გეუბნებიან, რომ დემოკრატიის და მედიის მაღალი სტანდარტი ყოფილა სააკაშვილი-გვარამიას სტანდარტი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციაში არსებული ჩანაწერი არის "ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის სილის გაწვნა".

„სრულიად ნათელია, რომ არაფერი საერთო არც სიმართლესთან, არც ევროპულ ღირებულებებთან, არც ობიექტურობასთან არაფერი საერთო არ აქვს. როცა ვამბობთ, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპულ დიდ ოჯახში, ეს გულისხმობს სიმართლის თქმას და დემოკრატიის განვითარებას. ვიწრო პოლიტიკური პრიზმიდან ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომელიც გვაქვს სახეზე, პირდაპირ ურტყამს იმ ღირებულებებს, რაზეც დგას ევროპული დემოკრატია. ჩემთვის სრულიად გაუგებარია და მე ვიტყოდი ამორალურია ის ყველაფერი, როცა გეუბნებიან, რომ დემოკრატიის და მედიის მაღალი სტანდარტი ყოფილა სააკაშვილი-გვარამიას სტანდარტი, რომლებიც პირდაპირ შტურმს ახორციელებდნენ მედიაზე, ფიზიკურად ძალადობდნენ, ნულოვანი იყო პლურალიზმი მედიაში ამ დროს და ერთი კრიტიკული ხმაც არ ისმოდა. სწორედაც ბატონი ივანიშვილია პირი, რომელმაც რეჟიმი დაამარცხა და ამ ქვეყნის განვითარებას მისცა ახალი სიცოცხლე, სამართლიანობას დაუდო საფუძველი,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ რეზოლუცია 9 ივნისს მიიღო. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოსა და ფუნდამენტური თავისუფლების უმაღლესი სტანდარტები.

ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს. ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე.

ამავე რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი გმობს საქართველოში ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას. ამასთან, დოკუმენტში საუბარია „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიაზე და აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას „წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმება, როგორც დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკული ხმის გაჩუმების მცდელობა, ვინაიდან ეს საქმე უკვე უარყოფითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წელს“.

გარდა ამისა, მიღებული რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული საფუძვლით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გაათავისუფლოს, რათა მან საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა გაიაროს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო