ბექა დავითულიანი - ხელისუფლებაზე ზეწოლა მიდის, რადგან რაღაც ნაბიჯებს არ დგამს ისე, როგორც ვიღაცას მიაჩნია - ბევრ რამეს ვგულისხმობ, ოღონდ ამაზე კანდიდატის სტატუსის ბედის გადაწყვეტამდე არ ვისაუბრებ

ევროპარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც მუშაობს პოლიტიკური მიზანშეწონილობით, გარკვეულ ეტაპზე გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს შორის არის სტრატეგიულ მიზანზე შეუთანხმებლობა, რა სტრატეგიული მიზანია, ამ ყველაფერზე მოგვიანებით იქნება განმარტება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, "ვიღაცებს"მიაჩნიათ, რომ საქართველო არ დგამს გარკვეულ ნაბიჯებს, რაც ეროვნულ ინტერესებს დააზიანებდა.

კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ამაში ისევ ომში ჩართვის სურვილს, როგორც აქამდეც ამბობდნენ, დავითულიანი აღნიშნავს, რომ ბევრ რამეს გულისხმობს და ამაზე კანდიდატის სტატუსის ბედის გადაწყვეტამდე არ ისაუბრებენ.

"მუდმივად მიდის აპელირება სანქცირებაზე, მოახერხეს სამწუხაროდ, ვიღაცებმა, რომ ეს თემა დამდგარიყო დღის წესრიგში ევროპარლამენტის დონეზეც, თუმცა, არავითარი მოლოდინი არ მაქვს, რომ ეს იქნება რეალური და გაგრძელება ექნება. ნულოვანი საფუძველი აქვს ამას. ვერც ერთი სამართლებრივი და მორალური მიზეზი ვერ იქნება მოძებნილი რომელიც დაადასტურებს, რომ ეს რამენაირად სერიოზულია.

ევროპარლამენტიც არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც მუშაობს პოლიტიკური მიზანშეწონილობით. გარჯვეულ ეტაპზე გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს შორის არის სტრატეგიულ მიზანზე შეუთანხმებლობა, რა სტრატეგიული მიზანია, ამ ყველაფერზე მოგვიანებით იქნება განმარტება, ამის გამო მიდის საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რადგან რაღაც ნაბიჯებს არ დგამს ისე, როგორც ვიღაცას მიაჩნია, რომ უნდა გადადგას, რაც მიგვაჩნია, რომ ეროვნული ინტერესის დაზიანება იქნება. ბევრ რამეს ვგულისხმობ, ოღონდ ამაზე კანდიდატის სტატუსის ბედის გადაწყვეტამდე არ ვისაუბრებ“,- განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ 9 ივნისს რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოსა და ფუნდამენტური თავისუფლების უმაღლესი სტანდარტები.

ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს. ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე.

ამავე რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი გმობს საქართველოში ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას. ამასთან, დოკუმენტში საუბარია „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიაზე და აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას „წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმება, როგორც დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკული ხმის გაჩუმების მცდელობა, ვინაიდან ეს საქმე უკვე უარყოფითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წელს“.

გარდა ამისა, მიღებული რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული საფუძვლით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გაათავისუფლოს, რათა მან საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა გაიაროს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა