ხელისუფლების განცხადებები იმაზე მიანიშნებს, რომ პანიკაში არიან, თორემ როგორ შეიძლება სერიოზულად მიუდგე იმ განცხადებას, როცა ამბობენ, ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვსო, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ევროპარლამენტის რეზოლუციის შეფასებისას ბატიაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას „დიდი ხნის განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ იმ ფასეულობებისგან, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია, გადახვევა არ შეიძლება“.
„რეალურად, ევროპამ კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ ის არის არა პიროვნებების, არამედ ქართველი ხალხის გვერდით და ამ რეზოლუციამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის, რომ ისტორიის მსვლელობას, საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თუ ვინმე ამ გზიდან გადახვევას შეეცდება, ძალიან მალე ისტორიას ჩაბარდება და ძალიან ცუდად ჩაბარდება. ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი, ჩვენი საშინაო დავალება გვაქვს, ჩვენ უნდა ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებებია დაცული, სადაც სასამართლო დამოუკიდებელია, სადაც მედიაზე არ ხდება ზეწოლა და ამის შემდეგ, ჩვენთვის კარი ღიაა დასავლეთში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომაა. ომის დაწყების დროს, ძალიან ბევრი ამბობდა, რომ მსოფლიოში აღარაფერი იქნება ისე, როგორც 24 თებერვლამდე იყო ანუ ომის დაწყებამდე მათ შორის, ესეც იგულისხმებოდა. დასავლეთი არის კონსოლიდირებული, მობილიზებული, როგორც არასდროს. ამ ყველაფერს ვხედავთ მათ შორის, რეზოლუციის თვალსაზრისითაც. რა თქმა უნდა, რეზოლუციას უნდა მოჰყვეს აღსრულება, დიდი ალბათობით, მოხდება განხილვა თუ კონკრეტულად რა შეეხება მას [ბიძინა ივანიშვილს], მის ოჯახის წევრებს და ა.აშ. ეს არის ის, რის შესახებაც ძალიან ბევრი აფრთხილებდა დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება გადახვევა იმ ფასეულობებისგან, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია, რომელიც დამტკიცებულია რეფერენდუმზე, რომელიც გამაგრებულია კონსტიტუციით და ა.შ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადაწიეს მმართველებმა და მიიღეს ის შედეგი, რაც დღეს დადგა“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
მისივე განმარტებით, თუ მალე „დაეშვება ხელისუფლება მიწაზე“, სიტუაციას შეიძლება ეშველოს.
„ხელისუფლების განცხადებები იმაზე მიანიშნებს, რომ პანიკაში არიან და პანიკური განცხადებები კეთდება, თორემ როგორ შეიძლება სერიოზულად მიუდგე იმ განცხადებას, როცა ამბობენ, ჩალის ფასი აქვს ევროპარლამენტის რეზოლუციასო. ეს სწორედ იმას მიანიშნებს, რომ პანიკური შეტევები აქვთ და პანიკის შედეგად არის ეს განცხადებები გაკეთებული. მათ ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ სანქციების თემა დადგებოდა, არ ვიცი, რა გათვლებს აკეთებდნენ, რა სახის მრჩევლები ჰყავდათ, როცა ასეთი მოცემულობით და დაშვებით მსჯელობდნენ, თითქოს, სანქციების თემა არასდროს დადგებოდა. მსუბუქად რომ ვთქვათ, ეს არის არასწორი გათვლა. თუ დროზე დაეშვებიან მიწაზე და სერიოზულად დაიწყებენ ფიქრს, ეს ყველაფერი რამ გამოიწვია, აქედან დასკვნებს თუ გააკეთებენ, სიტუაციას შეიძლება ეშველოს. სასამართლო დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლების თემა, ადამიანის უფლებები და ა.შ. ეს ის საკითხებია, რომელზეც მთელი დასავლეთი დგას. შენ თუ გინდა რეალურად დასავლეთთან დაახლოება, ამ ყველაფერს სერიოზულად უნდა მიუდგე და არა ისე - ის მოსამართლეები, რომლებიც ადრე ცუდად იქცეოდნენ, ახლა კარგად იქცევიანო. რას ნიშნავს ეს განმარტება? ეს ნიშნავს, რომ შენ გემსახურებიან, ამ დროს, სასამართლო ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს. ეს საფუძვლიანი თემაა, რომლის მეორე პლანზე გადატანა, მიფუჩეჩება, როგორც ხელისუფლება ამას ხშირად უდგებოდა, არასწორი იყო და ამ რეზოლუციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს პრინციპული საკითხებია და აქედან უკან დახევა არ მოხდება. საქართველოს სვლას დასავლეთისკენ, საქართველოს არჩევანს, რომელიც საუკუნეების წინ გააკეთა, ვერავინ შეცვლის და უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ 9 ივნისს რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოსა და ფუნდამენტური თავისუფლების უმაღლესი სტანდარტები.
ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს. ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე.
ამავე რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი გმობს საქართველოში ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას. ამასთან, დოკუმენტში საუბარია „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიაზე და აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას „წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმება, როგორც დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკული ხმის გაჩუმების მცდელობა, ვინაიდან ეს საქმე უკვე უარყოფითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წელს“.
გარდა ამისა, მიღებული რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული საფუძვლით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გაათავისუფლოს, რათა მან საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა გაიაროს.