გიორგი ბადრიძე - ვვარაუდობ, რომ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს არ ესმით, როგორ მოქმედებენ დასავლური ინსტიტუტები

ახლა მივედით იქამდე, რომ თურმე ევროპარლამენტი ყოფილა არაინფორმირებული, წამოეგო ვიღაცის ტყუილებს და საერთოდ არ არის ევროპა, - ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, გიორგი ბადრიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო ამოქმედების საპასუხოდ საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ბადრიძემ ივარაუდა, რომ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს არ ესმით ის, „თუ როგორ მოქმედებენ დასავლური ინსტიტუტები“.

„ცოტა უცნაურია, როდესაც მისი [ბიძინა ივანიშვილის] წარმომადგენლები გამოდიან ტელევიზორში და თავის თავს, მოსახლეობას და შეიძლება ბატონ ბიძინასაც არწმუნებენ, რომ ამ ყველაფერს არ აქვსო მნიშვნელობა - წლების განმავლობაში ასე ხდებოდა. ვივარაუდებ, რომ მათაც არ ესმით ის, თუ როგორ მოქმედებენ დასავლური ინსტიტუტები. ასევე ის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება არ არის ერთი კაცის განცხადება, რომლის იგნორირებაც შეგვიძლია - ეს გაგვიგია ბევრჯერ. ახლა მივედით იქამდე, რომ თურმე ევროპარლამენტი ყოფილა არაინფორმირებული, წამოეგო ვიღაცის ტყუილებს და საერთოდ არ არის ევროპა.

სანამ სიტყვა „რეზოლუცია“ გამოჩნდებოდა რაიმე დასავლურ დოკუმენტში პირველად, მანამდე აღმოვაჩინეთ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატისგან, რომ ის ახდენს ევაკუაციას თავისი აქტივებისა ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან. თუ სწორად მახსოვს, ეს ამბავი მარტიდან დაიწყო. ფრთხილი და წინდახედული ადამიანი რომ არის, ამას არავინ შეედავება. მას, ეტყობა, ჰქონდა იმის საბაბი, რომ შეიძლება რაიმე მოუვიდეს მის მრავალმილიონიან აქტივებს დასავლურ ბანკებსა თუ საცავებში.

რაც შეეხება შედეგებს, ეს ინფორმაცია ნელ-ნელა მყარდებოდა. დიდი ხნის განმავლობაში ისე მიდიოდა საქმე, რომ ადეკვატური რეაქცია არ ყოფილა დასავლეთიდან. მთავარი, რითაც უნდა იხელმძღვანელოს კომისიამ, არის ის, რომ ივანიშვილის იქნება თუ ხელისუფლების დასჯის გამო, არ გადახაზოს ქართველი ხალხის მისწრაფება. პირველ რიგში, ისინი იხელმძღვანელებენ ქართველი ხალხის ინტერესით. სულ მცირე ის, რომ ევროპული პერსპექტივა იქნება ნახსენები, არ მიყვარს წინასწარ საუბარი და წინასწარმეტყველება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული პერსპექტივა მოგვეცემა. იქნება თუ არა ეს სრული კანდიდატობის სტატუსი, ეს უკრაინასაც არ აქვს გარანტირებული. ევროკავშირს თავის ისტორიაში არ გადაუდგამს რომელიმე ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ისეთი ნაბიჯი, რომელიც არ შეესაბამებოდა კრიტერიუმებს და იყო მოტივირებული გეოპოლიტიკური მოსაზრებებით. პირველად იმის გამო, რაც ხდება უკრაინაში, მოხდა ამ ქვეყნის ერთგვარად წახალისება, რომ განცხადება შეეტანა უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდებოდა ნორმალურ ვითარებაში. ჩვენც ამ პროცესში ჩავერთეთ“, - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა