თითქმის არც ერთ ქვეყანას, ვინც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, გეგმისა და პირობების გარეშე არ მიუღია - არაფერია გასაკვირი იმაში, თუ სტატუსს საქართველოც გარკვეული პირობებით მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სამართლიანად და ობიექტურად იმსახურებს, რადგან ქვეყანას ბოლო წლების განმავლობაში პროგრესი აქვს.
"ეს ასახულია ევროსაბჭოსა და ევროპის კავშირის შეფასებით ანგარიშებში. არსებობს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, სადაც პირდაპირ ასახულია საქართველოს პროგრესი. მოველით, რომ ევროკავშირის პრინციპულად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება იმას, რამდენად მოსალოსნელია სტატუსის გარკვეული დათქმებით მიღება, საქართველოს ევროინტეგრაციის საგზაო რუკა აქვს, სადაც ჩამოთვლილია მთელი რიგი რეფორმები, რომელზეც ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ. გვაქვს რეფორმების გეგმა. თითქმის არც ერთ ქვეყანას, ვინც კანდიდატის სტატუსი მიიღო, გეგმისა და პირობების გარეშე არ მიუღია. რა თქმა უნდა, ობიექტურ პირობებს ჩვენ ყოველთვის შევასრულებთ ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და განვითარებისთვის. არაფერი გასაკვირი არ იქნება, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს კონკრეტული გეგმით მიენიჭება - ეს ევროკავშირის პრაქტიკაა, როცა ყველა ქვეყანამ ვინც ბოლო 10-15 წლის განმავლობაში კანდიდატის სტატუსი მიიღო, მიიღო გარკვეული რეფორმების პირობებით", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.