ნინო ბურჯანაძე - ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ხვალ უკრაინაში ომი დამთავრდება, ზეგ ივანიშვილი, მაზეგ ხელისუფლებაში მოვალთ და არიქა - მეგობრებო, სამწუხაროდ, არ არის ასე საქმე

მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს ერთად, ყველა ერთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციური ერთობის შედეგი იყო ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ დადებული 8 მარტის შეთანხმება, რომელიც შესაძლოა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის წინაპირობაც კი გამხდარიყო.

„30 წელია ერთი და იგივე წრეზე დავდივართ და ბოლო პერიოდში, მითუმეტეს, მაგრამ აღარ მინდა შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბარი. არ ვიცოდით „ქართული ოცნება“ რას იზამდა?! - დღესაც რომ მუსკულებზე იყურებიან ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები და თავს გვამადლიან, ისტორიულ დოკუმენტს მოვაწერეთ ხელიო, ვის რაში სჭირდება ის დოკუმენტი, რომელიც წინასწარ ვიცოდით, რომ არ შესრულდებოდა?! თუ ამას ვერ წარმოიდგენდნენ და არ ესმით პოლიტიკაში, დიდი ბოდიში, მაშინ ვისაც გვესმის, იმათ დაგვიჯერონ და მოგვისმინონ.

საერთო ოპოზიციური ერთობა და არა ისე, ვიღაც ელიტარულია, ვიღაც პარლამენტშია, ვიღაც მის გარეთ. აღარ დაამთავრეს ეს ელიტარული ოპოზიცია, რომელიც მარტო ვერაფერს გააკეთებს, ვერც ელიტარული და ვერც არაელიტარული. მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს ერთად, ყველა ერთის წინააღმდეგ და რაც არ უნდა, არ მოსწონდეს ვინმეს შალვა ნათელაშვილის ე.წ. ფანჩატური და სპეციალურად დაარქვეს ფანჩატური, რომ გაებიაბურებინათ ის ერთობა, არც მე ვიყავი აღფრთოვანებული და არც მე მომწონდა ძალიან ბევრი, მაგრამ იმ ერთობამ მოიტანა 8 მარტის დოკუმენტი, რომელიც მოიტანდა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლას, კოვიდს რომ არ მოესწრო სულზე ივანიშვილისთვის. მხოლოდ ასეთი ერთობით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციონერთა ერთობის შედეგად, დღეს საქართველოს შესაძლოა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გარანტირებული ჰქონოდა.

„ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ხვალ უკრაინაში ომი დამთავრდება, ზეგ ბიძინა ივანიშვილი დამთავრდება და მაზეგ მოვალთ ხელისუფლებაში და არიქა, ერთმანეთს გავასწროთ. მეგობრებო, სამწუხაროდ არ არის ასე საქმე, თუ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურად იმ გამოწვევას, რის წინაშეც ვართ. ჩვენ რომ ბიძინა ივანიშვილი და ეს ხელისუფლება შეგვეცვალა, ბოლომდე რომ გვებრძოლა და მოგვეპოვებინა ვადამდელი არჩევნები, დღეს შეიძლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გარანტირებული გვქონოდა. ეს შანსი ჩვენც გავუშვით, ჩვენი წილი ოპოზიციამ“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს