ბექა დავითულიანის განცხადებით, არის თუ არა ომში ჩართვის მოთხოვნა ევროპარლამენტიდან, ამაზე 24 ივნისის შემდეგ ისაუბრებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, არის თუ არა ომში ჩართვის მოთხოვნა ევროპარლამენტიდან, ამაზე 24 ივნისის შემდეგ ისაუბრებენ. როგორც მან აღნიშნა, ევროპარლამენტიდან ეს ღიად არავის უთქვამს, თუმცა ღიად თქვეს უკრაინის მაღალჩინოსნებმა.

მისივე თქმით, შეიძლება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები პარტნიორ ქვეყნებში დაინტერესებულნი იყვნენ, რომ საქართველო მეორე ფრონტის გახსნით შეეშველოს უკრაინას ომში. დავითულიანმა აღნიშნული განცხადებები „გორბის“ კვლევის და საქართველოში აშშ- ის ელჩის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

„ცდომილების მარჟა კვლევაში წერია და ეს არის 3 პროცენტი. შესაბამისად, რელევანტურია ეს კვლევა. რაც შეეხება მის შინაარსს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაში მთლიანად ემთხვევა მოსახლეობის განწყობებს. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხს, თუ ვინ შეადგინა კითხვები - თემატიკას რასაკვირველია, დამკვეთი ეუბნება, რა თემატიკა აინტერესებს, ხოლო კითხვების ფორმულირებას აკეთებს კვლევითი ჯგუფი. ეს „ქართული ოცნების“ „მესიჯბოქსი“ კი არ არის, ეს არის მოსახლეობის განწყობა, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობს და მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ მოსმენილი გვაქვს არაერთგზის უკრაინელი მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას საქართველომ. გუშინ ერთ- ერთი მნიშვნელოვანი დიპლომატის განცხადება იყო, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა, რომ თითქოს ვინმე საქართველოს ომს სთხოვს. ღმერთმა არ ქნას და მე იმედი მაქვს, ეს ცხადად და ღიად არასდროს მოხდება და შეიძლება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში დაინტერესებულნი იყვნენ, რომ საქართველო მეორე ფრონტის გახსნით შეეშველოს უკრაინას ომში, შეიძლება, თუმცა, ამას ჩვენ არ და ვერ დავუშვებთ. რაც შეეხება იმ ამბავს, რომ გუშინ გააკეთეს შეფასება, თითქოსდა ეს რუსული პროპაგანდაა, თუ ეს რუსული პროპაგანდაა, რა გამოდის, რომ უკრაინის მაღალჩინოსნები რუსულ პროპაგანდას ღიად აცხადებენ და მიყვებიან? არ ვიცი, სად არის ლოგიკა აქ. კონკრეტულად ორი უკრაინელი მაღალჩინოსანი გამოვიდა და ეს განაცხადეს, ევროპარლამენტიდან ეს ღიად არავის უთქვამს, რაღაც პირობებში თუ დადგა ამ საკითხის აუცილებლობა, რომ დასახელდეს სახელები და გვარები, ვის უნდა ქვეყნის ომში ჩართვა, პრემიერ-მინისტრმაც და პარტიის თავმჯდომარემაც განაცხადეს, რომ ამ სახელებს დაასახელებენ,“ - განაცხადა დავითულიანმა.

კითხვაზე, არის ასეთი მოწოდებები თუ არა ევროპარლამენტიდან, დავითულიანი პასუხობს - „ამაზე 24 ის შემდეგ ვისაუბრებთ“.

აშშ- ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, განცხადებები, რომ შეერთებული შტატები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს, საქართველოს ომში ჩათრევას ან მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია და ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერი გააკეთა ამ ომის შესაჩერებლად.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა