იაგო კაჭკაჭიშვილი - "ქართული ოცნების" ევროპული ორიენტაცია საპნის ბუშტივით გაქრა -  ხელისუფლებას ევროპასთან ინტეგრაცია აწყობს მაშინ, როცა ევროპა წაუყრუებს ან თვალს დახუჭავს არადემოკრატიულ სვლებზე

როგორც კი ქართულმა ხელისუფლებამ იგრძნო, რომ მისი პოლიტიკა და ევროკავშირის პოლიტიკა ერთმანეთს შორდება, საპნის ბუშტივით გაქრა ევროპული ორიენტაცია, - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

იაგო კაჭკაჭიშვილის განმარტებით, ხელისუფლებას ევროპასთან ინტეგრაცია აწყობს მაშინ, როდესაც ევროპა წაუყრუებს ან თვალს დახუჭავს არადემოკრატიულ ან ანტიდემოკრატიულ სვლებზე.

„ამ ხელისუფლებას ევროპასთან ინტეგრაცია აწყობს მაშინ, როდესაც ევროპა წაუყრუებს ან თვალს დახუჭავს არადემოკრატიულ ან ანტიდემოკრატიულ სვლებზე, ყველა იმ ევროპული ღირებულებების შელახვაზე, რომელიც მრავლად დაგროვდა წლების განმავლობაში. ხელისუფლება კომფორტულად იყო განწყობილი ევროკავშირის და ევროკავშირის სტრუქტურების მიმართ იქამდე, ვიდრე ევროკავშირის მხრიდან ასეთი მძაფრი კრიტიკა წამოვიდოდა. როგორც კი ეს მოხდა, როგორც კი ქართულმა ხელისუფლებამ იგრძნო, რომ მისი პოლიტიკა და ევროკავშირის პოლიტიკა ერთმანეთს შორდება, გზები აღარ იკვეთება, არამედ პირიქით, ერთმანეთს შორდება, საპნის ბუშტივით გაქრა ევროპული ორიენტაცია“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული „ანტიდასავლური განცხადებები საკუთარი ტყავის გადარჩენას ემსახურება.

„ანტიდასავლური შინაარსის რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან რასაკვირველია პირველ რიგში ემსახურება საკუთარი ტყავის გადარჩენას, ძალაუფლების გადარჩენას. ხელისუფლება აშკარად ხედავს, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც ის ახორციელებს, მწვავე კრიტიკის ქვეშ ექცევა დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ანტიდასავლური რიტორიკა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას იმიტომ, რომ კრიტიკა, მით უფრო სამართლიანი, ხელისუფლების პოზიციებს ასუსტებს. ყველაზე ცუდი აქ ისაა, რომ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლა ამავე დროს არის ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო. იმ რიტორიკით, რასაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს დასავლეთის წინააღმდეგ, ქვეყნის იზოლირება ხდება ცივილიზებული მსოფლიოსგან და ქვეყნის მოქცევა ისეთ ორბიტაზე, რომელიც შორსაა დემოკრატიისგან, შორსაა დასავლური ღირებულებებისგან. ეს პირდაპირ ურტყამს ევროპულ კურსს და საქართველოს აქცევს იზოლაციაში ცივილიზებული მსოფლიოსგან“, - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

იაგო კაჭკაჭიშვილი გადაცემაში ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებულ კვლევასაც გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს გამოკითხვა პროდასავლურად განწყობილი საზოგადოების „ზომბირებას“ ემსახურება.

„შეკითხვები ელემენტარული პროფესიული სტანდარტის დაცვის გარეშეა დასმული. მეტიც, დასმულია სწორედ იმიტომ, რომ ასე არაპროფესიონალურად ჩატარებული კვლევა მოემსახუროს იმ რიტორიკას, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, იმ პოლიტიკას, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. გარდა პროფესიონალიზმის სასტიკი დეფიციტისა, ამ გამოკითხვას აქვს გაცილებით მავნებლური მიზანი, გამოკითხვის მიზანია, აჩვენოს, რომ რასაც ხელისუფლება ამბობს, როგორც ხელისუფლება იქცევა არ არის მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა ან ქცევა, არამედ ხელისუფლებასთან დგას ხალხი. ხელისუფლება ხალხის ნებას გამოხატავს და ხელისუფლება და საზოგადოება ერთიანია.

გამოკითხვებს არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა შეუძლია, არამედ გამოკითხვების შედეგები ახდენს საზოგადოებრივი აზრის, ცნობიერების ფორმირებას. ეს არ არის უწყინარი პრეზენტაცია კვლევის შედეგების, ეს არის შტურმი, შეტევა საზოგადოების ცნობიერებაზე. ეს გამოკითხვა ემსახურება პროდასავლურად განწყობილი საზოგადოების ზომბირებას“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო