თუ გინდა ერთიანობა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა, მისი მიმართვა, პირველ რიგში, რადიკალური ოპოზიციისა და იმ ევროპარლამენტარების მიმართ უნდა ყოფილიყო, რომლებმაც არასამართლიანი განცხადებები გააკეთეს - თუ გინდა სამართლიანი თანამდებობის პირის სახელი მოიხვეჭო, ეს უნდა გააკეთო! - ასე ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს "ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
მაჭარაშვილის თქმით, “როგორც შეიძლება იმაზე საუბარი, რომ საზოგადოება გაჩუმდეს, მაშინ როდესაც თუნდაც ევროპარლამენტარების მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება“.
“მესმის, რომ პრეზიდენტს შეიძლება სურდეს, ერთიანობის ლიდერი გახდეს, მაგრამ სამწუხაროდ, თუ მან ყველაფერს თავისი სახელი არ დაარქვა, საზოგადოებას მის მიმართ ნდობა არ ექნება.
თურმე მისი აზრით, თუ საქართველოს მიმართ არასამართლიანი და შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება, მათ შორის არის საზოგადოების საარჩევნო უფლებაში ჩარევა - თუ ვინ აირჩიონ და ვინ - არა, ამაზე არაფერი უნდა ვთქვათ, რადგან ეს ევროპარლამენტარების მხრიდან არის ნათქვამი და ევროპული ღირებულება ეს ყოფილა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს ევროპული ღირებულება არ არის. ევროპული ღირებულებაა, რომ ევროპარლამენტარებიდან საზოგადოებას ესმოდეს მოწოდება დემოკრატიის განვითარებაზე, წახალისებაზე, რადგან საქართველომ თავისი შრომისა და სისხლის ფასად მიაღწია, საუკუნეებისა და განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ნამდვილად დამსახურებულად და ღირსეულად მიიღოს. როდესაც ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას ეუბნები, რომ როგორი შეურაცხმყოფელი განცხადებებიც არ უნდა წამოვიდეს ევროპარლამენტართა მხრიდან, უნდა გაჩუმდე, რადგან ისინი ევროპარლამენტარები არიან, ეს ევროპული ღირებულება არ არის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ ისურვებდა, ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის საქმიანობის მიმართაც ისეთივე კრიტიკული ყოფილიყო, როგორც “ქართული ოცნება“ გააკრიტიკა. უმრავლესობის დეპუტატის შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან არასწორი და ურთიერთგამომრიცხავი მაგალითები გაკეთდა.
“პრეზიდენტმა არ ახსენა, რომ ოპოზიციის რადიკალური ქმედებების გამო მოხდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს რყევის მცდელობებს. ამის შედეგი იყო, რომ საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობას დასჭირდა ჩამოსვლა და ხელშეკრულების დადება. “ქართული ოცნების“ მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდა იმისთვის, რათა სახელმწიფოს ბევრი პროვოკაცია ასცდენოდა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.