სალომე ზურაბიშვილს შევახსენებ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20-% ოკუპირებულია, ხოლო თბილისიდან 40 კილომეტრში არა ნატო-ს, არამედ რუსეთის ჯარი დგას - რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლის შეფასებისას ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ ვინმეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა, ამას ზურაბიშვილს არავინ ეტყვის, რადგან „საქართველოს კონსტიტუციით, მას მეორე ფრონტის გახსნის არანაირი ბერკეტი არ აქვს“.
„სალომე ზურაბიშვილმა ლოიალურად შეაფასა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ საქართველოში უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინელი ქალებისა და ბავშვების გარდა ქართველი ქალები და ბავშვებიც უნდა იხოცებოდნენ. ეს არის დანილოვის ცნობილი ციტატა.
ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლის ნებისმიერი ასეთი განცხადება უპასუხოდ უნდა დავტოვოთ. სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე რაიმე კომენტარის გაკეთება საჭიროდ არც მიგვაჩნია.
ორიოდე კვირის წინ საპარლამენტო დებატების დროს ოპოზიციამ ვერ გაარჩია სანქციები და სანქციებისთვის გვერდის არ ავლის მექანიზმები. ის, რაზეც მაშინ ოპოზიციას სამართლიანად დასცინეს, ახლა, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მეორე ფრონტის თემა მოგონილია. როგორც მან განაცხადა, მეორე ფრონტის საფრთხე არ არსებობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ზურაბიშვილს შევახსენებ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20-% ოკუპირებულია, ხოლო თბილისიდან 40 კილომეტრში არა ნატო-ს, არამედ რუსეთის ჯარი დგას. რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა. ვინ ითხოვდა ამ ნაბიჯების გადადგმას, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კარგად მოიკითხოს.
აღარაფერს ვამბობთ რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი ტელევიზიების, NGO-ებისა და ცალკეული უცხოელი პარტნიორების რიტორიკაზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ამ აზრის მომწიფებას ისახავდა მიზნად.
სალომე ზურაბიშვილს გვინდა ვუთხრათ, რომ თუ ვინმეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდა, ამას მას არავინ ეტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს მეორე ფრონტის გახსნის არანაირი ბერკეტი, საბედნიეროდ, არ აქვს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.