ნათია მეზვრიშვილი - შავით თეთრზე წერია: „რუსეთთან კავშირების მქონე ერთადერთი ოლიგარქი“, ეს რეზოლუციაში ჩაიწერა და ვეღარ ამოიშლება - ამით „ოცნების“ ელექტორალური რღვევა დაწყებულია

ახლა არ არის იმის დრო თუ ვინ რომელ აქციაზე მივა. რა დროს „ქუდზე კაცია“ დარჩენილ 24 საათში? ეს ვერ მოახდენს გადამწყვეტ გავლენას გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილმა ასევე აღნიშნა, მისი პარტიის ამომრჩევლები და მხარდამჭერები დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას, მივიდნენ თუ არა ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერ აქციებზე.

„აქციაზე წასვლასთან დაკავშირებით ჩვენი ამომრჩევლები როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს სრულად მათი უფლებაა და ჩვენ ამაში არ ვერევით. ვისაც სურვილი აქვს მივა 16-ის აქციაზე და ვისაც სურს მივა 20-ის აქციაზე. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით ერთი რამ - როდესაც დარჩენილია 1 დღე კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე, აქცია არ არის ის, რაც უნდა ყოფილიყო შემოთავაზებული პრეზიდენტის მხრიდან, როგორც აუცილებელი წინაპირობა კანდიდატის სტატუსის მიღების.

„ხმა უნდა გავაგონოთ ევროპასო“ - ევროპამ ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ხმა უკვე არაერთხელ გაიგო, მათ შორის მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი და საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მკაფიო და მტკიცე პასუხი ჰქონდათ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და განცხადებებზე. ჩვენ საქართველოს მოქალაქეების ეს ერთობა უკვე ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე. საქართველოს მოქალაქეებმა ევროპას უკვე არაერთხელ დაუმტკიცეს, რომ ევროპა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მისივე მტკიცებით, ის აღნიშნული აქციების მნიშვნელობას არ აკნინებს.

„მე არ ვაკნინებ აქციის მნიშვნელობას მოქალაქეებისთვის, რათა ამ ადამიანებმა თავისი სამოქალაქო პოზიცია იქ დააფიქსირონ. მიდიან კიდეც, ჩვენს ამომრჩევლებს აბსოლუტური თავისუფლება აქვთ. არ ვიცი როგორი იქნება ხვალინდელი გადაწყვეტილება. ფაქტი არის ის, რომ „ოცნებამ“ არაფერი გააკეთა - უფრო მეტიც, ამ ხალხმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ მეგობარი, მოკავშირე და პარტნიორი არ დაგვრჩენოდა. ჩვენთან არავინ ჩამოდის, ესეც ხომ „ოცნების“ პოლიტიკის შედეგია? მაკრონი ჩადის მოლდოვაში, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი პოპესკუ დადის ევროპის ერთი ქვეყნიდან მეორეში - ვხედავთ, როგორი მაღალი წარმომადგენლობის ვიზიტებია მოლდოვასა და უკრაინაში, არადა „ასოცირებულ ტრიოში“ საქართველო იყო ლიდერი. დღეს ღარიბაშვილი და კობახიძე რომ გამოდიან და ამბობენ, რომ ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას, ეს არის ტყუილი - ვუსწრებდით. დღეს „ოცნების წყალობით“ არათუ ვუსწრებდით, მაჩანჩალა ქვეყნად აქციეს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე და მოჭრეს თავი აბსოლუტურად ყველა პლატფორმაზე. ახლა არ არის იმაზე საუბრის დრო, თუ ვინ რომელ აქციაზე მივა და ამაზე ყურადღების გადატანა დარჩენილ 24 საათში, რა დროს „ქუდზე კაცია“? ეს ვერ მოახდენს გადამწყვეტ გავლენას გადაწყვეტილებაზე. ჯერ კიდევ შანსი, რომ რაღაც შევინარჩუნოთ და გადავარჩინოთ ევროპული პერსპექტივა, ამაზე გავლენას მოახდენს, თუ გამოვა საქართველოს ხელისუფლება, აღიარებს ამ პრობლემებს, რაც არის და იტყვის, რომ მზად არის გაატაროს ის დემოკრატიული რეფორმები, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს. ჩვენ ახლა ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზეც, რომელშიც აღნიშნული ევროპული ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას მოითხოვს.

„რამდენიც არ უნდა ეცადოს „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დააბრალონ ერთმანეთს ბიძინა ივანიშვილის სახელისა და გვარის ამ რეზოლუციაში მოხვედრა, იქ შავით თეთრზე წერია - „რუსეთთან კავშირების მქონე ერთადერთი ოლიგარქი“, ეს იქ ჩაიწერა და ვეღარ ამოიშლება. ეს არის ფაქტი და ამით „ოცნების“ ელექტორალური რღვევა არის დაწყებული“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს